„ქართულო ოცნებავ”, თქვენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საბოტაჟს ეწევით - ამის შესახებ ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს, რითაც რუსეთის მიერ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას გამოეხმაურა.
„რუსული თვითმფრინავი ბოლოს ჩემი სახლის აივნიდან დავინახე, თავზე გადაგვიფრინა ხმაურით და თბილისი დაბომბა…
“ქართულო ოცნებავ”, თქვენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საბოტაჟს ეწევით, ხოლო ოკუპანტ, ომის საერთაშორისო დამნაშავე, დასანქცირებულ ქვეყანასთან პირდაპირი მიმოსვლის ფაქტის ნორმალიზებას ცდილობთ.
შორს არ გაფრინდეთ თქვენი რუსული თვითმფრინავებით!
ტყუილად წვალობთ, ჩვენ მაინც შევალთ ევროკავშირში!“- წერს ლომჯარია.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დღეს გამოსცა განკარგულებები, რომლებიც საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას და პირდაპირი ფრენების აღდგენას ითვალისწინებს.
საქართველოსთან რუსეთს სავიზო რეჟიმი ცალმხრივად ჰქონდა დაწესებული. რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმი 2012 წელს, მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით გაუქმდა. მანამდე კი, 2010 წლის ოქტომბერში სავიზო რეჟიმის გაუქმება რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მცხოვრებლებს შეეხოთ.