საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ცოტა ხნის წინ „ნაცმოძრაობამ“ პარლამენტის დარბაზში კიდევ ერთხელ აღიარა, რომ უპირობოდ სჯერა პუტინის სიტყვების და განცხადებების და ეჭვის ქვეშაც არ აყენებს მისი განცხადებების მართებულობას და სიმართლეს.
„2006 წელს, როდესაც ჩვენი თანამოქალაქეები სამარცხვინოდ გამოყარეს რუსეთიდან, იმდროინდელი ხელისუფლება ეხვეწებოდა პუტინს, რომ აღედგინა რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები და ეს ფრენები აღდგა 2008 წლის დასაწყისში. 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რუსეთმა ისევ შეწყვიტა პირდაპირი ფრენები. საქართველოს ხელისუფლებამ ისევ გაუშვა იქ დელეგაცია ფრენების აღდგენის მოთხოვნით და 2010 წლის აგვისტოში, ანუ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციიდან 2 წლის თავზე საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენები აღდგა. კითხვა ისმის, რუსეთი ახლა გახდა მონსტრი და ურჩხული და ჩვენთვის მიუღებელი ქვეყანა 2022 წელს თუ 2008 წლიდან მოყოლებულია ის მიუღებელი ქვეყანა?“ - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას ნიკოლოზ სამხარაძე ასევე შეეხო ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების ე.წ.დემარშს ფრენებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ეს ბუნებრივი და ლოგიკური ამბავია, როდესაც ევროკავშირს სურს, რომ საქართველომაც ისე იმოქმედოს, როგორც მოქმედებს ევროკავშირი, რადგან ის ჩვენი პარტნიორია და მას მიაჩნია საქართველო საკუთარ პარტნიორად, შესაბამისად, ამაში არც გასაკვირია რამე, არც საწყენი.
„ეს მათი მოთხოვნა ლოგიკურია. თუმცა, მეორე მხარეს დგას ინტერესები - ევროკავშირს საკუთარი ინტერესები აქვს და ჩვენ გვაქვს ჩვენი ინტერესები. ჩვენი ინტერესები მდგომარეობს იმაში, რომ ევროკავშირის მხრიდან არც ერთ ოფიციალურ დოკუმენტში დღემდე (ვგულისხმობ ევროპულ საბჭოს და ევროკომისიას), არ არის დაფიქსირებული ტერმინი „ოკუპაცია“ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან მიმართებით.
ასევე, გუშინდელი დემარშის დოკუმენტში ნახსენებია სანქციები, რომელიც დაკისრებული აქვს რუსეთს უკრაინის ტერიტორიების, მისი სუვერენიტეტის და სახელმწიფოებრიობის დარღვევის წინაშე. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, მისი სუვერენიტეტი რომ დაარღვია რუსეთმა, იქნებ ესეც იყოს გათვალისწინებული ევროკავშირის მხრიდან, როდესაც საქართველოსთან მოდიხარ ასეთი თხოვნით“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.
უმრავლესობის დეპუტატმა თავის გამოსვლაში კიდევ ერთ საკითხზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ჩვენი მხრიდან არაერთხელ იყო თხოვნა - ევროკავშირს დახმარება გაეწია ჩვენთვის არაღიარების საკითხთან დაკავშირებით.
„ვგულისხმობ იმას, რომ ევროკავშირის ფინანსური დახმარების დოკუმენტებში ჩადებულიყო მთელი მსოფლიოს ქვეყნებისთვის ერთი მარტივი პირობა, რომ ის ქვეყანა, რომელიც აღიარებს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ.დამოუკიდებლობას, ვერ გახდებოდა ევროკავშირისგან ფინანსური დახმარების მიმღები“, - განაცხადა სამხარაძემ.
მისი თქმით, ეს მოთხოვნები და ინტერესები გათვალისწინებული რომ იყოს, საქართველოს ხელმოწერა ბევრად უფრო მეტ დოკუმენტზე იქნებოდა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის განცხადებებთან მიმართებით, ვიდრე დღეს არის.
სამხარაძის განცხადებით, ჩვენ, სამწუხაროდ, დღეს არ ვართ იმ მოცემულობაში და მდგომარეობაში, რომ ყველაფერს უპირობოდ შევუერთდეთ.
„ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი უსაფრთხოების და ეკონომიკური გამოწვევები, როდესაც საქართველო იქნება ნატო-ს წევრი და მაქსიმალურად დაუახლოვდება ევროკავშირს და იქნება გაწევრიანების ზღვარზე, მაშინ უფრო მეტ საგარეო პოლიტიკურ ნაბიჯებს გადავდგამთ ერთად“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.