„საქართველოში რუსეთის მხრიდან სანქციებისთვის თავის არიდება ვერ მოხდება. ეს არის ჩვენი გაცხადებული პოლიტიკა, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველივე დღიდან გვქონდა და ჩვენ ამ პოლიტიკას ვაგრძელებთ, ესაა ჩვენი პოზიცია“- ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა.
კითხვაზე, როგორ იმოქმედებს პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხი ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობაზე, ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, რომ გასაგებია მათი შეშფოთების საგანი, თუმცა ეს არ არის ის საკითხი, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. მისივე თქმით, ყველასთვის ცნობილია, რომ აქამდეც შემოდიოდნენ რუსეთის ფედერაციიდან მოქალაქეები სახმელეთო გზით. შესაბამისად, საბოლოო თვალსაზრისით არაფერი იცვლება.
„მესმის რომ მათ გამოხატეს წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ ფრენები აღდგება, თუმცა, ეს არ არის ის საკითხი, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას იმიტომ, რომ აქამდეც შემოდიოდნენ რუსეთიდან მოქალაქეები სახმელეთო გზით საქართველოში და ასევე არავისთვის საიდუმლო არ იყო ის, რომ აქამდეც შემოდიოდნენ რუსეთიდან საჰაერო გზით, ხან სტამბოლის, ხან ერევნის, ხან ბაქოს გავლით ამიტომ, საბოლოო შედეგის თვალსაზრისით აქ რეალურად არაფერი იცვლება. ამას აქვს რა თქმა უნდა სიმბოლური დატვირთვა თუმცა, სიმბოლური დატვირთვა შეიძლება ბევრ სხვა რამესაც ჰქონდეს და მხოლოდ სიმბოლური დატვირთვის მნიშვნელობის საკითხებზე რა თქმა უნდა ჩვენ ვერ ვიქნებით დამოკიდებული. ეს თავისთავად არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც ჩვენ გვაქვს რუსეთთან მიმართებით, რომ ჩვენ რუსეთს არ ვუწესებთ ორმხრივ სანქციებს მაგრამ ასევე ჩვენ არ ვიღებთ სანქცირებულ თვითმფრინავებს, არ მოვემსახურებით სანქცირებულ ავიაკომპანიებს ქართულ აეროპორტებში და არ მივიღებთ სანქცირებულ ბორტებს.“- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ცნობისთვის, ხვალ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გასული 5 წლის განმავლობაში პირველად სრულდება პირდაპირი ფრენა რუსეთის ფედერაციიდან.