მე ვპატიჟებ რევოლუციის ვეტერანებს და ახალგაზრდებს - ერთად აღვნიშნოთ საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი.- ამის შესახებ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს და 23 ნოემბერს, "ვარდების რევოლუციის: 20 წლის იუბილსთან დაკავშირებით, საზეიმო შეკრებას აანონსებს:
"23 ნოემბერს, კინოსტუდიის დარბაზში, (დავით აღმაშენებლის გამზირი №164) საზეიმოდ აღვნიშნავთ “ვარდების რევოლუციის” 20 წლის იუბილეს.
“ვარდების რევოლუციამ” საბოლოოდ შეცვალა საქართველოს ისტორია, დასვა ის მსოფლიო რუკაზე. ჩვენმა რევოლუციამ საფუძველი დაუდო პოსტსაბჭოთა რუსული სისტემის ნგრევას და საქართველო მთელი მსოფლიოსთვის მისაბაძ მაგალითად აქცია.
მე ვპატიჟებ რევოლუციის ვეტერანებს და ახალგაზრდებს - ერთად აღვნიშნოთ საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი. აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არ არის პარტიული ღონისძიება, ამიტომაც მიუხედავად დღევანდელი პოზიციისა, ყველას დასწრებას მივესალმები", - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.