ჩვენ დავადექით წალენჯიხის გზას და ეს გზა აუცილებლად ბოლომდე უნდა გავიაროთ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე კლინიკა „ვივამედის“ პალატიდან დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოში ადრე არჩეული ადამიანებიც უნდა დააბრუნონ და ყველა შეცდომა უნდა იყოს გამოსწორებული.
„მინდა, მივესალმო ჩვენს ემიგრანტებს, რომლებიც ამერიკაში შეხვდნენ სოფო ჯაფარიძეს, მანამდე – გიორგი ვაშაძეს, რა თქმა უნდა, ძალიან აქტიურად მუშაობს ლევან ხაბეიშვილი. ლევან ხაბეიშვილიც წარმოუდგენლად კარგად მუშაობს. ძალიან მნიშვნელოვანია, თუ იქნა დაშვებული შეცდომები, ყველა შეცდომა აღმოიფხვრას. ჩემს თავზე ვიღებ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას. ყველა ჩვენი გამოცდილი მებრძოლი და ძალიან ბევრი დამსახურებული ადამიანი, რომელიც რატომღაც გარიყული აღმოჩნდა პოლიტიკური საბჭოდან, დაბრუნდეს. ჩემს თავზე ვიღებ პოლიტიკური საბჭოს კოორდინაციას, ჩემს თავზე ვიღებ ხელმძღვანელობას, ჩემს თავზე ვიღებ იმას, რომ პარტიის რეიკარნაცია მოახდინონ, პარტია გახსნილი იყოს სხვა კავშირებისთვის და სხვა ადამიანებისთვისაც. ჩვენ უნდა შევძლოთ საერთო ენის გამონახვა და ძალიან სწრაფი ტემპით ვიაროთ წინ.
რაც შეეხება საკითხს, ხშირად ისმოდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრად დამასახელონ მე. პრემიერ-მინისტრობის დასახელება ჯერ ძალიან ადრეა, ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. რამდენიმე თვე უნდა შევხედოთ ვითარებას, რა თქმა უნდა, ვიპოვოთ ოპტიმალური გამოსავალი, მაქსიმალურად დიდი რაოდენობის ხალხისთვის მისაღები, რადგან ჩვენ მოვდივართ გასამარჯვებლად და არა საპატიო მეორე ადგილისთვის. რაც მთავარია, საარჩევნო სიები უნდა შედგეს არა ვიღაცის გარიგებით, არამედ ქვემოდან ზემოთ, პარტიის ყველა წევრმა უნდა მისცეს ხმა საარჩევნო სიაში მყოფ ადამიანებს. არაფორმალურ მმართველობაზე როცა საუბრობენ, მე არაფორმალურად ვერავინ მმართავს. არაფორმალურად ჩემს მმართველობაზე თუ არის საუბარი, მე იმ პირობებში, როგორშიც აღმოვჩნდი, ჩემი ნებით არ ვარ და ამის გამო პასუხისმგებლობას ვერ მოვიხსნი იმ პარტიასა და ბრძოლაზე, რომელიც ჩვენ წინ გვაქვს.
როდესაც აქ მოვდიოდი, ვიცოდი, რომ იქნებოდა პრობლემა, მაგრამ ჩვენ თუ არა, მაშინ ვინ? ჩვენ თუ არა, მაშინ ვინ იბრძოლებდა, ვინ გააკეთებდა? მზად ვარ, მიუხედავად ფიზიკური სისუსტისა, ჩემს თავზე ავიღო ყველაფერი. ჩვენ დავადექით წალენჯიხის გზას და ეს გზა აუცილებალდ ბოლომდე უნდა გავიაროთ. ჩვენ უნდა დავაბრუნოთ პოლიტსაბჭოში ის ხალხი, ვინც გაყვანილ იქნენ. დღევანდელი პოლიტსაბჭო კიდევ უფრო ლეგიტიმური გახდება, თუ ადრე არჩეულ ხალხსაც დავაბრუნებთ. მე ვიქნები ამის კოორდინატორი და გარანტი, რომ იქ არავინ დაიჩაგრება. რა თქმა უნდა, პარტიის თავმჯდომარესთან და პარტიის გენერალურ მდივანთან ერთად, რომლებიც სრულიად ლეგიტიმურები არიან და ძალიან კარგად მუშაობენ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში “სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეზე” ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას საქმის მორიგი განხილვა განახლდა.
წინა სასამართლო სხდომაზე, რომელიც 30 ოქტომბერს ჩატარდა, თემურ ჯანაშიამ მედიასთან განაცხადა, რომ "ბიუჯეტიდან 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმე" აბსოლუტურად დაცლილია სამართლისგან, შერჩევითი მართლმსაჯულების მაგალითია