ინფრასტრუქტურის სამინისტროში ახალციხის ციხის კომპლექსის რეაბილიტაციის, ახალციხის მიმდებარე პარკისა და რუსთავის ტყე-ჭალის ახალი პარკის არქიტექტურული კონცეფციების შესარჩევი საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართა.
საკონკურსო კომისიის სხდომას ესწრებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია და მისი მოადგილეები, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ახალციხის მერი ვარლამ წიკლაური, არქიტექტორები და ხელოვნებათმცოდნეები.
კომისიამ ახალციხის ტბის მიმდებარე პარკის და ცენტრალურ პარკთან დამაკავშირებელი ბულვარის ორი არქიტექტურული კონცეფცია განიხილა. წარმოდგენილი პროექტების მიხედვით, ახალციხის პარკში მოეწყობა საბავშვო და სპორტული ზონები, კულტურული, საგანმანათლებლო და რეკრეაციული სივრცეები, ღია სპორტული მოედნები და სავარჯიშო სივრცეები, ასევე საფეხმავლო და საველოსიპედო ბილიკები. პროექტი ასევე ითვალისწინებს პარკის ტერიტორიაზე საინფორმაციო და კომერციული პავილიონების, ღია სცენის, პერგოლებისა და შადრევნების მოწყობას.
საკონკურსო კომისიამ ასევე განიხილა ახალციხის ციხის კომპლექსის რეაბილიტაციის არქიტექტურული კონცეფცია. პროექტის მიზანია კომპლექსის ისტორიული იერსახისა და ავთენტურობის დაცვით დაზიანებული ნაგებობების აღდგენა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა. დაგეგმილი პროექტი განსაზღვრავს აუცილებელი ჩარევების ეტაპობრივად განხორციელებას, რაც უზრუნველყოფს როგორც კომპლექსის უწყვეტ ფუნქციონირებას, ისე ბიუჯეტის ეფექტიან გამოყენებას.
ახალციხის ციხის კომპლექსის რეაბილიტაცია და ახალი პარკი კიდევ უფრო განავითარებს ახალციხის კულტურულ, ტურისტულ პოტენციალს და ხელს შეუწყობს ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებას.
კომისიაზე განიხილეს რუსთავში, ტყე-ჭალის ტერიტორიაზე ახალი პარკის პროექტირების კონცეფციაც. პროექტის მიზანია, შეიქმნას თანამედროვე, მრავალფუნქციური სარეკრეაციო სივრცე, რომელიც გააერთიანებს საბავშვო სივრცეებს, რეკრეაციულ და დასასვენებელ ზონებს, საფეხმავლო, სარბენ და ველობილიკების ქსელს. პროექტის მიხედვით უნდა მოეწყოს არსებული ტბის მიმდებარე ტერიტორიაც, პავილიონები, საინფორმაციო ცენტრი, ღია სცენა, კულტურული და საგანმანათლებლო სივრცეები, წყლის ობიექტები და ავტოსადგომი.
საკონკურსო კომისია გამარჯვებულ არქიტექტურულ ბიუროებს რამდენიმე დღეში გამოავლენს.









