„ნაციონალურ მოძრაობაში“ სასამართლოს ხელში ჩაგდებისთვის იბრძვიან, ამიტომ მოიგონეს „ვეტინგი“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება არა სასამართლოსთვის, არამედ მისი დამოუკიდებლობისთვის იბრძოლებს.
„პირდაპირ, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე გეტყვით, რომ აბსოლუტურად მიუღებელია. ჩემთვის, როგორც ერთი ადამიანისთვის, პოლიტიკოსისთვის, სახელმწიფო, რომელიც თავის თავს ვერ უვლის, საკუთარი კადრებით ვერ აბამს თავს რაღაცის გაკეთებას, სჭირდებათ სხვა ქვეყნის წარმომადგენლების ჩამოყვანა, რომ რაღაც საქმე გააკეთონ და წარმატებით დაასრულონ, ბოლომდე შემდგარი არ უნდა იყოს. ასეთი ქვეყანა ჩვენ არ ვართ. ჩვენი სახელმწიფო არის შემდგარი ბოლომდე, სადაც ინსტიტუტები გამართულად მუშაობენ. მაშინ როდესაც ერთ-ერთ ქვეყანაში ადეიშვილის ყოფილი მოადგილე უდგას სათავეში ამ ე.წ. რეფორმას, გასაგებია, რა კატეგორიის ხალხი შეიძლება მოხვდეს საქართველოში ამ ეგიდით. აბსოლუტურად მიუღებელია ეს მოდელი. „ნაცმოძრაობას“, მის პატრონებს, დანაყოფებს მხოლოდ ერთ შემთხვევაში დააკმაყოფილებს ჩვენ მიერ გატარებული რეფორმა. ეს „ვეტინგი“ მოიგონეს, რადგან, როგორც კი მათ ჩაუგდებ ხელში სასამართლოს და ის არ იქმნება დამოუკიდებელი, არამედ იქნება „ნაცმოძრაობის“ გავლენის ქვეშ, მაშინვე გაჩერდებიან და შეაფასებენ დადებითად. სხვა შემთხვევაში მათ არ ექნებათ პოზიტიური შეფასება. ეს გასაგებია და იბრძოლებენ სასამართლოსთვის. ჩვენ არა სასამართლოსთვის, არამედ ბოლომდე ვიბრძოლებთ მისი დამოუკიდებლობისთვის. რა სახელები და გვარებიც არ უნდა აბრახუნონ, რაც არ უნდა გაიხსენონ სპეკულაციურად თუ მის გარეშე, რაც არ უნდა ქნან, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის. ისინი იბრძვიან სასამართლოს ხელში ჩასაგდებად, ამიტომ მოიგონეს ეს „ვეტინგი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.