მნიშვნელოვანია ობიექტური შეფასებები საქართველოსთან მიმართებაში, ვინაიდან ცალსახაა პროგრესი - ის, რომ საქართველო არის მოწინავე ასოცირებულ პარტნიორებს შორის იმ საკითხებში, რაც უმნიშვნელოვანესია ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა.

„მნიშვნელოვანია, რომ გაფართოება არის ის საკითხი, რომელსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები ხედავენ როგორც ევროპის უსაფრთხოების წინაპირობად. გაფართოება განიხილება ნომერ პირველ საკითხად, როდესაც საუბარია ევროპის უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე ევროკავშირში. აქედან გამომდინარე, სწორედ დღევანდელ კონფერენციაზე ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, გვესაუბრა გაფართოების საკითხზე და მოვისმინეთ ევროკომისარ ვარჰეის შემაჯამებელი გამოსვლაც და ის ნაბიჯები, თუ რა უნდა გადადგას წევრმა ქვეყნებმა იმისათვის, რომ დროულად მოხდეს გაფართოება. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი წარიმართოს შეფერხების გარეშე. მნიშვნელოვანია, რომ ის რეფორმები, რასაც ატარებენ ქვეყნები, ობიექტურად იყოს შეფასებული“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ობიექტურად შეფასდეს საქართველოს წინსვლაც ევროკავშირის გზაზე.


„მნიშვნელოვანია, ჩვენს საკითხზეც ობიექტური იყოს შეფასებები, რაც საქართველოსთან მიმართებაში კეთდება, ვინაიდან ცალსახაა საქართველოს პროგრესი; ცალსახაა, რომ საქართველო არის მოწინავე ასოცირებულ პარტნიორებს შორის იმ საკითხებში, რაც უმნიშვნელოვანესია ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ამის უარყოფა ვნახეთ, რომ შეუძლებელი გახდა ევროკომისიის მიერ, მაშინ როდესაც აღიარეს პროგრესი და მიეცა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ბუდაპეშტში იმყოფება, სადაც დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნები კანდიდატებთან ერთად ორგანიზაციის მომავალზე მსჯელობდნენ.