ძალიან ბევრმა ევროპარლამენტარმა დღეს ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ არ უნდა მოხდეს განცალკევება კანდიდატი ქვეყნების და ეს პროცესი სამივე ქვეყნისთვის ერთნაირად უნდა მიმდინარეობდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სტრასბურგში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განუცხადა.
„ძალიან ბევრმა ევროპარლამენტარმა დღეს ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ არ უნდა მოხდეს განცალკევება კანდიდატი ქვეყნების და ეს პროცესი სამივე ქვეყნისთვის ერთნაირად უნდა მიმდინარეობდეს, მით უმეტეს, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენ პროცესის დასაწყისზე, როდესაც უნდა გავხსნათ მოლაპარაკებები და ერთნაირად ჩავერთოთ ევროკავშირის გაფართოების პროცესში. ეს პოზიცია დააფიქსირა ძალიან ბევრმა ევროპარლამენტარმა და იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო გაიზრდება იმ ევროპარლამენტარების რიცხვი, ვინც მომხრე იქნება ამ პროცესის შეუფერხებლად წარმართვის, ვინაიდან, გაფართოება შეუძლებელია მოხდეს პოლიტიკური დიალოგის გარეშე, შეუძლებელია გაფართოებაზე ვისაუბროთ თუ არ განვიხილავთ ყველა პრობლემურ საკითხს მოლაპარაკებების მაგიდასთან“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.