საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვა გრძელდება
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვა გრძელდება.
საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით, 11-12 მაისს, რუსთავის, თელავის, ბორჯომისა და გორის მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავს.
საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლს ემატება შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია“.
ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების დაცვის მექანიზმების გაძლიერების მიზნით, კონსტიტუციური კანონის პროექტით ქორწინებასთან, არასრულწლოვანის შვილად აყვანასა და მინდობით აღზრდასთან, ადამიანის სქესის შესაცვლელად სამედიცინო ჩარევის განხორციელებასთან, ოფიციალურ დოკუმენტში სქესის მითითებასთან, სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებასთან, შეკრებასა და ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი განისაზღვრება.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.