რაც შეეხება ჩანაწერს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, რომელიც მოხვდა ამ რეზოლუციაში, ზუსტად ისეთივე ჩალის ფასი აქვს, როგორიც აქვს ჩანაწერებს ლგბტ პროპაგანდის არ დაშვებასა და სააკაშვილის გათავისუფლების თაობაზე. არავითარი ფასი ამ ყველაფერს არ აქვს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად ჟურნალისტებს განუცხადა.
„ვიზალიბერალიზაცია არის ხელისუფლების და ქართველი ხალხის მონაპოვარი და არა თუ ასეთი შანტაჟის ენით უნდა ესაუბრებოდეს ვინმე ხელისუფლებას და ქართველ ხალხს, არამედ პირიქით უნდა ზრუნავდნენ მაგალითად აშშ-ში უვიზო მიმოსვლის შემოღებაზე. ეს არის ჩვენი პარტნიორების პასუხისმგებლობა და არა ის, რომ ვიღაცამ ესაუბროს ქართველ ხალხს შანტაჟის ენით. ქართველი ხალხის მიმართ შანტაჟის ენა რომ არ ჭრის, ეს გამოჩნდა 2022 წელს ძალიან კარგად და ეს ახლაც ძალიან კარგად ჩანს.
მეგობრის თხოვნა, რომელიც ეხება გაუმჭვირვალობას, ანუ მთავარი ევროპული ღირებულების არ უზრუნველყოფას ჩვენს ქვეყანაში, თხოვნას, რომელიც უკავშირდება ლგბტ პროპაგანდისთვის მწვანე შუქის ანთებას, სააკაშვილის გათავისუფლებას, თხოვნას, რომელიც უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის დასჯას, რა თქმა უნდა, არავითარი ფასი არ აქვს. ეს არ არის მეგობრების თხოვნა, ეს არის ოდიოზური ევროპარლამენტარების და მათ მიერ მიმხრობილი დეპუტატების თხოვნები, რომლებსაც ჩვენ მხედველობაში ვერ მივიღებთ, ვინაიდან ისინი ეფუძნება სრულიად არა ევროპულ ღირებულებებს. აქედან გამომდინარე, ამ ე.წ. თხოვნებს და სინამდვილეში შანტაჟის მცდელობას არც ჩვენთვის აქვს რაიმე ფასი და არც ქართული საზოგადოებისთვის,“- განაცხადა პრემიერმა.