მიკვირს, გახარიამ პრეზიდენტ სააკაშვილს თვალების დათხრა რომ არ მიუსაჯა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რითაც პარტია „საქართველოსთვის" დეპუტატის, მიხეილ დაუშვილის მიერ, მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში დაბრუნების მოთხოვნას გამოეხმაურა.
„მიკვირს, რომ გახარიამ პრეზიდენტ სააკაშვილს თვალების დათხრა არ მიუსაჯა. უკაცრავად მაგრამ დაბადების დღეზე, ტყვეობაში მყოფ ადამიანზე ასეთი რამ ისაუბრო, არც ქართულია და ზოგადად ჩვენს ტრადიციებში არაა სამართალს თავი რომ დავანებოთ, რაც ცხადია სრული სიგიჟე და აბსურდია, რასაც ქართველი ხალხი ხვდება. ბორის ჯონსონმა მიულოცა დღეს სააკაშვილს დაბადების დღე, ახალი წელი, მის ღვაწლზე ისაუბრა. გახარია სხვა რამეს ითხოვს... პუტინი ითხოვს სააკაშვილის დასჯას, ბორის ჯონსონი და ევროპელი ლიდერები პრეზიდენტ სააკაშვილს, როგორც რეფორმატორს ისე მოიხსენიებენ და მის პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ. საზოგადოება თავად გაარკვევს და გაარჩევს გახარიასაც, ივანიშვილსაც და მისნაირებსაც“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
პარტია „საქართველოსთვის“ ხელისუფლებას მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში გადაიყვანოს.
„მოვუწოდებთ „ოცნებას“, შეწყვიტოს წინასაარჩევნო სპექტაკლი, ნუ იყენებს სასამართლოს საკუთარი წინასაარჩევნო პიარმიზნების მისაღწევად, ნუ ეხმარება დაშლილ „ნაცმოძრაობას“ ხელახლა გაერთიანებაში და გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა.