როცა პარტიის ასე თუ ისე ცნობილი ადამიანი ასეთ განცხადებას აკეთებს, სულ მცირე, პარტია უნდა გამოვიდეს და გაემიჯნოს ამ განცხადების შინაარსს, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
აღნიშნული განცხადებით ლევან იოსელიანმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რას ნიშნავს გიორგი ჩალაძის განცხადება, რომ „თუ არ უნდათ, ქუჩაში ომი მიიღონ, მიხეილ სააკაშვილის საკითხი უნდა გადაწყდეს დადებითად. ეს არის მუქარა“.
„მე „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვიცნობ ბევრ ადამიანს და იქ არიან საკმაოდ გონიერი ხალხი, ვისაც ესმის, რომ ასეთი განცხადებები, რაც გიორგი ჩალაძემ გააკეთა, არათუ აახლოებს ხელისუფლებაში დაბრუნებასთან, არამედ, პირიქით, უფრო და უფრო შორს აგდებს შესაძლებლობას, რომ ისინი როდესმე დაუბრუნდნენ ძალაუფლებას. როცა პარტიის ასე თუ ისე ცნობილი ადამიანი ასეთ განცხადებას აკეთებს, სულ მცირე, პარტია უნდა გამოვიდეს და უარყოს ამ განცხადების შინაარსი; გაემიჯნოს და თქვას, რომ ეს არის ამ კონკრეტული ადამიანის აზრი და ჩვენ ასეთი რამ აზრადაც არ გვაქვს“, – განაცხადა იოსელიანმა.
იოსელიანის თქმით, „ქართულ ოცნებას“ აღარ სჭირდება იმის თქმა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ რევოლუცია უნდა.
„აღარ სჭირდება „ქართულ ოცნებას“ ვინმესთვის იმის დამტკიცება, „ნაცებს“ რევოლუცია უნდათო, რადგან კაცი გამოდის და იძახის, რევოლუცია კი არა, ომი მინდაო. მერე ნურავის უკვირს, რომ ოპოზიციას საზოგადოებაში ვერ ექნება ის მხარდაჭერა, როგორიც უნდა ჰქონდეს. კვლევებმა ეს დაადასტურა. თვითონ „ნაციონალური მოძრაობა“ 6%-ზეა ჩამოსული“, – აღნიშნა იოსელიანმა.