მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში „ქართული ოცნება“ საგარეო ფრონტზე ძალიან ცუდ მდგომარეობაშია - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ლევან იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა.
„სიმართლე გითხრათ, მე არ მჯერა იმის, რომ ის მომაკვდავია. როცა პირველ დღეს ჩასვეს ციხეში, მეორე დღიდან რომ დაეწყო ისტერიკა, წელიწად-ნახევარია სულ ამაზე მიდის ლაპარაკი. ზოგადად არ მჯერა, რომ წელიწად-ნახევრის განმავლობაში ადამიანი ყოველ დღე კვდებოდეს. სააკაშვილი მთლიანად ამ ისტორიას იყენებს თავისი პოლიტიკური მიზნის მისაღწევად, ეს არის მათ შორის შიმშილობა, ცოტა ჭამა თუ რაცაა. ერთი რამე ფაქტია, ამ ადამიანს არ შეუძლია ციხეში ყოფნა, ვერ ეგუება და ყველაფერს აკეთებს, რომ გამოვიდეს საპატიმროდან. ამას ცდილობს მისი პარტიაც, თვითონაც, მისი ოჯახიც. ბუნებრივია, ეს მათი მიზნებია და ამ მიზნებს არ უნდა შეეწიროს ჩვენი ქვეყნის ევროპასთან დაახლოების შესაძლებლობა.
მე მგონია, მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში საგარეო ფრონტზე „ქართული ოცნება“ ძალიან ცუდ მდგომარეობაშია იმიტომ, რომ ფაქტობრივად ჩვენ ვისმენთ უამრავ განცხადებას სააკაშვილის მიმართ და ვერცერთი განცხადება ვერ ვნახეთ, რომელიც ამბობდეს საწინააღმდეგოს, რომელიც იქნებოდა „ქართული ო0ცნების“ მხარდამჭერი“, - განაცხადა იოსელიანმა.