დღეს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარედან არ ხორციელდება იმგვარი წნეხი, რომ მან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღოს - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ეთერში განაცხადა.

„ხელისუფლებაში როცა ხარ, ყოველთვის იღებ გადაწყვეტილებას მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, იმ მომენტში შენ ხელს გაძლევს თუ არა კონკრეტული ნაბიჯის გადადგმა და ხომ არ იქნებოდა უკეთესი, ეს გაგეკეთებინა მაშინ, როცა ამით მეტ რამეს გამოივაჭრებდი. დღეს „ქართულ ოცნებას“ არ აქვს იმის აუცილებლობა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ასეთი ნაბიჯი გადადგას. ის არ არის ისეთი ტიპის ზეწოლის ქვეშ არც შიგნიდან და არც გარედან, რომ ამ აუცილებლობას ხედავდეს. ის უმკლავდება ასეთი ტიპის ზეწოლებს და თუ დაინახავს, რომ სხვა გამოსავალი არ აქვს, როგორც იყო სხვების შემთხვევაში, ვისი შეწყალებაც მოუწია, ის მიიღებს, რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას. დღეს ამ მოცემულობის წინაშე არ დგას და ახლა უბრალოდ ის საჩუქარს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მიხეილ სააკაშვილს არ გაუკეთებს.

სიმართლე გითხრათ მეორე მხრიდანაც არ არის დამაჯერებელი ხშირ შემთხვევაში ეს განუწყვეტელი საუბარი, რომ დღეს თუ არა ხვალ მოკვდება, ხვალ თუ არა ზეგ მოკვდება, რომ ყველა დაავადება, რაც სჭირს, მომაკვდინებელია. ასეთი რაღაცები ხომ არ არსებობს. ხომ არ შეიძლება ადამიანს არაფერი არ სჭირდეს და ციხეში უცბად ყველაფერი დაემართოს, ხომ არ შეიძლება, გუშინ კარგად იყოს და დღეს და ხვალ კვდებოდეს. მათაც უნდა გაიაზრონ, რომ მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური ამოცანა აქვთ - გაათავისუფლონ თავიანთი ლიდერი, მათი საზოგადოებისთვის მიწოდებული ინფორმაცია ავადმყოფობასთან დაკავშირებით, უნდა იყოს დამაჯერებელი. ამან მიიღო პროპაგანდისტული ხასიათი, ამან მიიღო პოლიტიკური ხასიათი, ეს გადაიქცა მისი განთავისუფლების ინსტრუმენტად, ბრძოლის ინსტრუმენტად და არა მასზე ზრუნვის საშუალებად და ამას ადამიანები ხედავენ, მით უმეტეს, რომ „ქართული ოცნება“ არაფერს არ აკლებს, რომ ეს პროპაგანდისტულად გადათარგმნოს“,- განაცხადა იოსელიანმა.