საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მყოფმა უცხო ქვეყნის ორმა მოქალაქემ უკანონოდ შეიძინეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - 76,7 გრამი მეთადონი (ფუძე). აქედან, 18.90 გრამი ნარკოტიკული საშუალება განათავსეს სხვადასხვა ლოკაციებზე, საჯაროდ ხელმისაწვდომ ადგილზე, ხოლო 34 ცალად დაფასოებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეთადონი, საერთო რაოდენობით 21.87 გრამი ამოღებულ იქნა მათი პირადი ჩხრეკის შედეგად.
სამართალდამცველებმა მათი დროებითი საცხოვრებლი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს 28 შეკვრად დაფასოებული 19.84 გრამი და 16.09 გრამი დაუფასოებელი ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (ფუძე).
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) და 260 -ე კვარტა მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა." - ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.










