პარტიის რეორგანიზაციის, free mishas და ამ პოსტის დადების მიზანი ძალიან კონკრეტულია, უახლოეს დღეებში კონკრეტულად დავწერ რას ვაპირებ. არა, ბრძოლის შეწყვეტას ერთი წუთითაც არ ვფიქრობ, პუტინის რეჟიმს ვერასდროს შევეგუები, მხოლოდ ბრძოლის ფორმაზე მაქვს საუბარი, თორემ სულ მარტოც რომ დავრჩე, ბრძოლას მაინც გავაგრძელებ. - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წვერი კობა ხაბაზი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე მიმდინარე საარჩევნო პროცესს.
"დამთავრდა არჩევნები.მიუხედავად უამრავი მცდელობისა ჩავრთულიყავი ამ ორომტრიალში, პრინციპულად ბოლომდე დავიცავი მიშას სიტყვები - რა დროს არჩევნებიაო, დიახ, არ მივიღე არჩევნებში მონაწილეობა.ერთ-ერთ კომენტარში "მეგობარი" წერდა ვინც არ ღებულობს არჩევნებში მონაწილეობას, გამარჯვებულს ელოდება, რომ შემდეგ გამოუცხადოს თანადგომაო, იმედს გავუცრუებ, სწორედ გამარჯვებულს ველოდები, რომ პასუხი მოვთხოვო იმ სიბინძურეზე, რაც ამ არჩევნებში ტრიალებდა, ლანძღვა-გინება, ფბ კედლებზე ერთმანეთის დევნა, ჭორის და მართალის აღრევა, ტალახის სროლა..კიდევ ერთმა კომენტარმა მიიქცია ჩემი ყურადღება, რომ ცუდსა და ნაკლებად ცუდს შორის უნდა გავაკეთოთ არჩევანიო, დიდი ბოდიში, ჯერ ერთი, დიდი ხნის წინ მივეცი ჩემს თავს პირობა, რომ არასდროს გავაკეთებ ცუდსა და ნაკლებად ცუდს შორის არჩევანს და მეორეც ჩემი დაკვირვებით ნაკლებად ცუდის მხარდაჭერით ის ნაკლებად ცუდი იბერება, ბევრდება და ცუდზე გაცილებით უარესი ხდება .მესამე პოზიცია იყო თითქოს არჩევანის გაკეთება აუცილებელი ვალდებულებაა, არა ბატონო, თუ ვთვლი, რომ კანდიდატი არ ატარებს იმ ძირითად ღირებულებებს, რომელიც ჩემთვის მნიშვნელოვანია, არანაირი ვალდებულება არ მაქვს დავუჭირო მხარი.რამდენიმე დასკვნა, რაც ამ არჩევნებიდან გამოვიტანე:
არასდროს ვენდო ისეთ ადამიანს, რომელსაც ისეთი ღირებულებები, როგორიცაა დემოკრატია, არჩევნები და სამართლიანობა საერთოდ არ ახსოვს, როცა სიებში ან თანამდებობებზე "ჩალიჩით" მოხვდება და თუ ვერ მოხვდა, მხოლოდ მაშინ ახსენდება ღირებულებები.ასეთი ადამიანი ღირებულებებიდან შორს დგას. ღირებულებებს უნდა უერთგულო მიუხედავად იმისა, გაწყობს თუ არა! გამარჯვება და მოწინააღმდეგის განადგურება ერთი და იგივე არ არის.როცა გამარჯვებაზე ფიქრობ, შენ შენს დადებითზე საუბრობ, გეგმებზე, იმ სიკეთეზე, რასაც შენი გამარჯვება მოიტანს. როცა მოწინააღმდეგის განადგურებაზე ხარ ორიენტირებული მისი "ცუდი" ხდება მთავარი სამიზნე, ასეთ დროს ყველაზე დემოკრატიული პროცესი - არჩევნები ტალახის სროლად იქცევა ხოლმე. ადამიანის გასაცნობად 10 ფუთი მარილის შეჭმის საკმარისობა ტყუილი ყოფილა. უსაზღვროდ მწყდება გული იმ ახალგაზრდებზე, რომლებთან ერთადაც უამრავი უმძიმესი დღე გამოვიარე და დღეს ამ ჭუჭყში თავიდან ფეხებამდე გადართულს ვხედავ, არა და უამრავჯერ გვისაუბრია სიძულვილის ანატომიის შესახებ და ყოველთვის ვთხოვდი მათ, რომ სიძულვილისთვის მათი გონების მართვის უფლება არ მიეცათ. ალბათ ძალიან გამიჭირდება მათთან ურთიერთობა... არ დაუჯეროთ ადამიანს, რომელიც ერთის თვალში ბეწვს ხედავს, მეორეში კი (ასევე საკუთარში) დირეს ვერ ამჩნევს. სიბინძურის შეფუთვა მაღალი იდეალებით ძალიან იოლია, მაგრამ ამით სიბინძურე არა თუ არ კეთილშობილდება, პირიქით, უფრო ბინძური ხდება. სიბინძურე ერთ დღეში არ სრულდება, სამწუხაროდ ის რაც პანდორას ყუთიდან ამოვიდა, კიდევ დიდ ხანს გაგრძელდება, გაგრძელდება ბრალდებები, გაყალბების მტკიცება, ტალახის სროლა და ასე შემდეგ.და ამ დროს მიშა სიკვდილს ებრძვის... P.S. არ იფიქროთ ვმორალისტობ, ვერასდროს ვიტანდი "ჭკუის მასწავლებლებს", ყოველთვის მერჩივნა კონკრეტული საქმე მეკეთებინა, უკრაინაში ამიტომ წამოვედი, რომ მიმაჩნდა ჩემი სამშობლოსთვის და მიშას თავისუფლებისთვის ჩემი აქ ყოფნით ერთ აგურს მაინც დავდებდი, ასე რომ გთხოვთ "მორალისტობას" ნუ დამწამებთ, ძალიან, ძალიან მტკივა რაც ჩვენს საქართველოში ხდება, გულს მიკლავს იმაზე ფიქრი, თუ რად გვაქცია და რას დაგვამსგავსა არქიფომ, მტკივა მიშას პატიმრობა და მტკივა როცა ჩემი მეგობრების გადაგვარებას ვხედავ P.P.S. პარტიის რეორგანიზაციის, free mishas და ამ პოსტის დადების მიზანი ძალიან კონკრეტულია, უახლოეს დღეებში კონკრეტულად დავწერ რას ვაპირებ. არა, ბრძოლის შეწყვეტას ერთი წუთითაც არ ვფიქრობ, პუტინის რეჟიმს ვერასდროს შევეგუები, მხოლოდ ბრძოლის ფორმაზე მაქვს საუბარი, თორემ სულ მარტოც რომ დავრჩე, ბრძოლას მაინც გავაგრძელებ."- წერს კობა ხაბაზი.