რუსულ სპეც-სამსახურებთან თანამშრომლობას ხშირად სწორედ ის ხალხი მაბრალებს, ვისაც მთელი თავისი ბიოგრაფია სავსე აქვს ქვეყნის მტრებთან კოლაბორაციის მაგალითებით, - ამის შესახებ საქართველოს შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"მინდა გამოვეხმაურო დღეს აგორებულ მორიგ ტალღას ჩემთან მიმართებაში. წარსულში შეცდომები დამიშვია, მაგრამ პასუხისმგებლობას არასოდეს გავქცევივარ. სამარტოო საკანში გატარებულმა 7 წელმა ბევრი დრო მომცა, მათ შორის, საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრებისათვის. სტრასბურგის ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ დაადგინა, რომ პატიმრობის გამოყენების მიზანი იყო, მიეღო იძულებითი ჩვენება ჩემგან, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. აქამდე ბევრ სხვა ტიპის უბინძურეს ცილისწამებაზე კომენტარიც კი არ გამიკეთებია, მაგრამ ახლა ჩემი მეგობრის, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს, მახინჯი ინტერპრეტაციის უყურადღებოდ დატოვება უბრალოდ არ შემიძლია.
რუსულ სპეც-სამსახურებთან თანამშრომლობას ხშირად სწორედ ის ხალხი მაბრალებს, ვისაც მთელი თავისი ბიოგრაფია სავსე აქვს ჩვენი ქვეყნის მტრებთან პირდაპირი თუ ირიბი კოლაბორაციის მაგალითებით. ვწუხვარ, რომ მიწევს ამის თქმა, მაგრამ დამაბრალო ის, რასაც მთელი ცხოვრება ვებრძოდი, არის ამორალური და უსინდისო საქციელი. უკრაინის გარდა, არცერთ ევროპულ სპეცსამსახურს არ მიუყენებია იმხელა ზიანი რუსული სპეცსამსახურებისთვის, როგორიც ჩვენმა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაყენა. რუსეთი მტერია, უკრაინა გაიმარჯვებს და მასთან ერთად, დარწმუნებული ვარ, საქართველოც გავა სამშვიდობოზე. სკამისა და არჩევნების გამო, არ შეიძლება ყველაფერი იკადრო!" - წერს ვანო მერაბიშვილი.
ცნობისთვის, მსჯავრდადებულმა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გერმანულ გამოცემა "შპიგელთან" განაცხადა, ვინც ჩემ დაბრუნებას გეგმავდა 2021 წლის ოქტომბერში, რუსეთის შემოგზავნილი აგენტები იყვნენ ექსპრეზიდენტის განცხადებას საზოგადოებაში არაერთგვარი რეაქცია მოჰყვა.