მიხარია, რომ ჩემს ყოფილ თანაგუნდელებთან, ნაკრების ფეხბურთელებთან ერთად მომიწევს თამაში. ძალიან მაგარი ემოციაა, როდესაც ვიკრიბებით, ვვარჯიშობთ. გახსენდება ის დრო, როდესაც თამაშისთვის ემზადებოდი, ვარჯიშობდი. როგორი მოლოდინი გქონდა, როდესაც მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო , - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში „ლეგენდების სერიის” პირველ მატჩზე საუბრისას განაცხადა.
„როდესაც ამხელა გუნდი - „ინტერი“ ჩამოდის, თავისი შემდგენლობით, ეს ისტორიული კლუბი, წამატებული ფეხბურთელებით, ძალიან მაგარია. ორგანიზატორებს აქვთ სურვილი, რომ მხოლოდ ერთი შეხვედრით არ შემოიფარგლონ და უნდათ, რომ შემდეგ წლებში „ლივერპული“, მადრიდის „რეალი“, „მილანი“ და ა.შ. ჩამოიყვანონ. ძალიან მაგარი პროექტია და ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით.
უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ სამტრედიაში დაბადებულ ბიჭს, მომეცა შესაძლებლობა, მეთამაშა იმხელა ისტორიის კლუბში, როგორიც არის „მილანი“. ამ კლუბთან ერთად, როგორც ფეხბურთელმა, თუკი რამის მოგება შეიძლება ინატროს ფეხბურთელმა, ყველაფერი მოვიგე. მინდა პატარებს მივმართო, ვისაც უნდა სპორტსმენი, ფეხბურთელი გამოვიდეს - არასდროს არ დანებდეთ, არასდროს არ გაჩერდეთ, თავდაუზოგავი შრომით, პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობით ყველაფერი შესაძლებელია“, - აღნიშნა კალაძემ.