დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის“ შესახებ, რომელიც საკანონმდებლო ორგანომ გუშინ მიიღო.
მისი თქმით, გამჭვირვალობის კანონმა უნდა დაიცვას ქვეყანა ყველა იმ უცხოური ძალების გავლენისგან, რომელთა მიზანიც ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევა და მშვიდობის დარღვევაა.
„მინდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამოვეხმაურო. გუშინ პარლამენტმა ვეტო დაძლია და კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებულია. მინდა, მივულოცო ყველას, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს ბედი, მისი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის მომავალს წყვეტდეს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მშვიდ და სტაბილურ გარემოში, არჩევნების გზით.
მეგობრებო, ეს არ არის პათეტიკური სიტყვები. დღეს, საქართველოს ბედი წყდება არა ხმლით, ან ტანკებით, არამედ ჩვენი მოსახლეობის მხარდაჭერით განმტკიცებული გონივრული, ქვეყნის ინტერესებზე მორგებული პოლიტიკით.
გამჭვირვალობის კანონმა უნდა დაიცვას ჩვენი ქვეყანა, პირველ რიგში, ყველა იმ უცხოური ძალების გავლენისგან, რომელთა მიზანიც ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევა და მშვიდობის დარღვევაა.
ბოლო თვეების მანძილზე ჩვენმა საზოგადოებამ იხილა წარმოუდგენელი მასშტაბის ზეწოლა, მუქარა და შანტაჟი მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ გავბედეთ და დავიცავით საკუთარი ქვეყანა იმ სცენარისგან, რაც სამწუხაროდ უკრაინაში განხორციელდა; რომ გავბედეთ და ყველას გასაგონად მოვითხოვეთ დასაბუთებული პასუხი, რატომ არ შეიძლება მივიღოთ კანონი, რომელიც მოქმედებს, როგორც ევროპის რიგ ქვეყნებში, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში. პასუხი იყო ერთი - „იმიტომ“. ის, რაც ნებადართულია, მაგალითად, საფრანგეთისთვის (სადაც სულ ახლახან მიიღეს ანალოგიური კანონი), აკრძალული აღმოჩნდა ჩვენთვის.
მინდა, შევახსენო ყველას, რომ საქართველოს ტერიტორიის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ამას ემატება მთავარ ოპოზიციურ ძალად შერაცხული პარტია, რომლის გაუაზრებელი და დამღუპველი პოლიტიკის შედეგად დავკარგეთ ტერიტორიები, მივიღეთ ადამიანების უფლებების არნახული ხელყოფა, დარეკეტებული ბიზნესი და დახურული მედიასაშუალებები. მათი ამოცანა დღესაც ძალაუფლების ხელში ჩაგდება და გარედან დამკვეთების დავალებების შესრულებაა.
ამ გამოწვევების ფონზე საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უცხოური გავლენების შემცირება, რათა შევინარჩუნოთ მშვიდობა და გაგრძელდეს ქვეყნის სტაბილური განვითარება.
ჩვენ არ გვაქვს უფლება არგუმენტს - „იმიტომ“ გადავაყოლოთ ქვეყნის ბედი. საქართველოს ინტერესების დაცვა, მისი ევროპული მომავლის დაცვა, დამოუკიდებლობის განმტკიცება და ქვეყნის გამთლიანებისკენ სწრაფვა - ეს არის ჩვენი ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რის გამოც „ქართულ ოცნებას“ აქვს მოსახლეობის უმრავლესობის სრული მხარდაჭერა.
საქართველომ არაერთხელ დაამტკიცა, რომ არის სანდო პარტნიორი ქვეყანა და დღესაც მზად ვართ, მეგობრობისთვის, ჯანსაღი ურთიერთობისთვის, სტრატეგიული პარტნიორობისთვის, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი. ხელისუფლება მზად არის, პირნათლად შეასრულოს წარმოდგენილი ცხრა პუნქტიანი გეგმა, რომელიც ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანია და გვაქვს მზაობა, გაიხსნას მოლაპარაკებები. მინდა მჯეროდეს, რომ ჩვენი ქვეყანა არ იქნება დაშანტაჟებული, როგორც კანდიდატის სტატუსის დროს მოხდა. გავიხსენოთ ყველამ, კანდიდატის სტატუსის პოლიტიკურად გამოყენება რომ ხდებოდა ქვეყნის და მთავრობის წინააღმდეგ. ადგილი ჰქონდა მანიპულაციებს, რომ ქვეყანაში დაპირისპირება და დესტაბილიზაცია გამოეწვიათ.
მივმართავ ქვეყნის მოსახლეობას - ჩვენ არაფერი გვაქვს დასაპირისპირებელი. პირიქით ერთიანი ძალისხმევით, შემართებით უნდა შევძლოთ ქვეყნის გაერთიანება, ტერიტორიების დაბრუნება და ღირსეულად შევიდეთ ევროკავშირში.
როდესაც ჩვენ კანდიდატის სტატუსი ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე არ მოგვანიჭეს, უამრავი სპელკულაცია მოვისმინეთ, რომ თითქოს, ეს საქართველოს ხელისუფლების ბრალი იყო. ვრცელდებოდა მიზანმიმართული მესიჯები, რომ მოსახლეობაში უკმაყოფილება გაზრდილიყო. არადა ყველა პარამეტრებით, გაცილებით წინ ვიყავით იმ ქვეყნებზე, ვისაც მაშინ კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს და საქართველო დაჩაგრეს. მაშინ ქვეყნის შიგნით გვეუბნებოდნენ, რომ თითქოს სტატუსის არმიღებით დავკარგეთ მილიარდობით გრანტი. საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი და ვკითხულობ, სად არის ეს მილიარდობით გრანტი? არ ჩანს. ამიტომ ამგვარი სპეკულაციები და ასეთი დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, არის ძალიან ცუდი.
ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ყოველთვის სიმართლე უნდა ვუთხრათ, ვისაუბროთ გამოწვევებზე, პრობლემებზე, მიღწევებზე, წარმატებებზე. მე მჯერა, რომ ბევრი მათგანი, ვინც ამ დღეების განმავლობაში აპროტესტებდა გამჭვირვალობის კანონს, დაფიქრდება და თავის თავს მარტივ შეკითხვას დაუსვამს - როგორ შეიძლება გამჭვირვალობა წინააღმდეგობაში მოდიოდეს ევროპულ მომავალთან და ღირებულებებთან? იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ვინც უცხოეთიდან 20%-ზე მეტით ფინანსდება, წლის განმავლობაში ერთხელ უნდა წარმოადგინონ ფინანსური დეკლარაცია და საზოგადოებას უთხრან, ვისგან მიიღეს თანხები და რა პროექტში რამდენი დაიხარჯა. დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი გააკეთებს სწორ ანალიზს, რეალურად რა ხდება.
მჯერა, რომ ამ პროცესების შემდეგ, ქვეყანა ეკონომიკურად კიდევ უფრო გაძლიერდება. რა თქმა უნდა, ძლიერი სახელმწიფო ძლიერი ეკონომიკით, უფრო მალე და ღირსეულად გახდება იმ ოჯახის წევრი, რასაც ევროკავშირი ჰქვია“, - განაცხადა თბილისის მერმა.