უნდა აღვნიშნოთ, რომ არც თავად პროცესი და არც თავად ეს კანონი არ არის შესაბამისობაში იმ სტანდარტებთან, რაც არის ევროკავშირში და იმედი გვაქვს, ვიხილავთ ამ საკითხის ისე განხილვას, რომ ეს იყოს შესაბამისობაში ევროკავშირის სტანდარტებთან, - ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ჯიმ ო’ბრაიენმა ქართულ მედიასთან განაცხადა.
„ჩემი ვიზიტის მთავარი მიზანი გახლავთ, ის რომ ჩვენ ამერიკელები და ამერიკა ვაფასებთ საქართველოსთან ჩვენს ურთიერთობას და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას. ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებების შედეგად, ჩვენ გვაინტერესებდა ეს სტრატეგიული პარტნიორობა და ურთიერთობა გაზიარებული არის თუ არა კიდევ საქართველოს მიერ. მოგეხსენებათ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა მრავალ წელს ითვლის და 1992 წლიდან მოყოლებული ჩვენ ვდგავართ საქართველოს გვერდით, განვახორციელეთ ინვესტიცია, დახმარება 6 მილიარდი დოლარის ოდენობით და ეს შეეხებოდა ბევრ სხვადასხვა მიმართულებას, ქვეყნის განვითარებას, თავდაცვას, ხელისუფლების სხვადასხვა შტოების განვითარებას და ა.შ... 30 წელზე მეტია ამერიკა არის ძლიერი პარტნიორი საქართველოსი და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გავაგრძელებთ ამ პარტნიორობას. განსაკუთრებით ვაფასებთ ამ ურთიერთობას მაშინ, როდესაც საქართველომ გადაწყვიტა დაახლოებოდა ევროკავშირს და ტრანსატლანტიკურ გაერთიანებას. და ეს იყო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომლის მეშვეობით საქართველოს კონსტიტუციაში დაფიქსირდა საქართველოს სწრაფვა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ ვიდექით და ვდგავართ საქართველოს გვერდით, მათ შორის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით და ვამაყობთ, რომ გავაგრძელოთ მხარდაჭერას და დახმარებას საქართველოს მომავალ გზაზე.
როდესაც აქ ჩამოვედი, ცოტა დამაბნეველი იყო ორი სხვადასხვა ტიპის საუბარი. ერთი მიმართულება ეხება კანონს, რომელიც შეეხება უცხოურ გავლენას. ერთ-ერთი მიმართულება ამ საუბრების არის ის, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის გამჭვირვალობა დაფინანსებასთან დაკავშირებით. ამბობენ, რომ ზოგიერთი დასავლელი დამფინანსებელი არ არის ისეთი გამჭვირვალე, როგორიც უნდა იყოს. რაც შეეხება ჩვენს მოსაზრებას ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ვამბობთ, რომ ასეთი საკითხების რეგულირება უნდა იყოს შესაბამისობაში იმასთან, რაც არის ევროკავშირსა და ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ არც თავად პროცესი და არც თავად ეს კანონი არ არის შესაბამისობაში იმ სტანდარტებთან, რაც არის ევროკავშირში და იმედი გვაქვს, ვიხილავთ ამ საკითხის ისე განხილვას, რომ ეს იყოს შესაბამისობაში ევროკავშირის სტანდარტებთან. ჩვენ მანამდეც მკაფიოდ აღვნიშნეთ, რომ ეს ნაბიჯები მანამდე უნდა გადადგმულიყო და იქნებოდა გარკვეული შედეგით. რადგანაც საქართველოს სურვილი არის ევროკავშირისკენ სწრაფვა, შესაბამისად არსებობს გარკვეული წესები, სტანდარტები და აღნიშნული კანონი უნდა იყოს ამ წესებთან და სტანდარტებთან შესაბამისობაში. საქართველოს გადაწყვეტილება რომ არ იყო შესაბამისობაში ევროკავშირის სტანდარტებთან, ეს იქნება უარყოფა იმ განაცხადისა, რაც არის კონსტიტუციაში დაფიქსირებული. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, სხვადასხვა გამოკითხვებით და განცხადებებით, რომ ეს არის ის გზა, რომელიც ქართველი ხალხის დიდ უმრავლესობას სურს და ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ საქართველოს ამ გზაზე. შესაბამისად, დღევანდელი საუბრების შედეგად, თუ კი მოხდება ამ კანონის ისე შეცვლა, რაც დააკმაყოფილებს ევროკავშირის სტანდარტებს, ეს გააძლიერებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას, ურთიერთობას“,- განაცხადა ჯიმ ო’ბრაიენმა.
ცნობისთვის, 84 მომხრე - 30 წინაღმდეგი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. რომელიც საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ხელმოსაწერად გადაეგზავნება. თუმცა, პრეზიდენტმა უკვე განაცხადა, რომ კანონს ვეტოს დაადებს.
ჯიმ ო’ბრაიენი დღეს საქართველოს პრემიერმინისტრს ირაკლი კობახიძეს და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.
მთავრობის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ ჯიმ ო'ბრაიენს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების საჭიროებაც განუმარტა - გამოთქვა მზაობა, ვეტოს პროცედურის ფარგლებში საერთაშორისო პარტნიორების ყველა სამართლებრივი შენიშვნა ყურადღებით განიხილოს