„ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინის სახელმწიფოს, რაც არის გამოხატული არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ კონკრეტული საქმით, ეს არის 600-ზე მეტი მხარდაჭერილი აქტი, რეზოლუციები და დოკუმენტები, სხვა გადაწყვეტილებები, ეს არის ფართო ჰუმანიტარული დახმარება, როდესაც ასეთ ფონზე კეთდება გაუგებარი განცხადებები, ეს ამყარებს ჩვენს რწმენას, რომ რაღაცები არ ხდება ისე, როგორც უნდა ხდებოდეს." – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

"თუმცა უკრაინა დღეს არის მძიმე ვითარებაში, უკრაინელი ხალხი არის ომის მდგომარეობაში, ძალიან მძიმე მდგომარეობაა უკრაინაში, აქედან გამომდინარე, ჩვენ პირველ რიგში, პატივს ვცემთ უკრაინელ ხალხს და შესაბამისად, არ ვაპირებთ არახამიასთან თუ სხვა პოლიტიკოსებთან პოლემიკაში შესვლას. არ მინდა, პოლემიკაში შევიდე, ფაქტია რასთანაც გვქონდა საქმე მთელი ამ ორი წლის განმავლობაში – ჯერ როდესაც ხდებოდა საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა, აბსოლუტურად გაუგებარი იყო ეს გადაწყვეტილება, როდესაც პრაქტიკულად გააძევეს ჩვენი ელჩი უკრაინიდან საბაბი იყო თითქოს მომაკვდავ მდგომარეობაში სააკაშვილის ყოფნა, დღეს ღიმილის მომგვრელიც კი აღარ არის უკვე ეს საბაბი.

შეგახსენებთ, განცხადებებს მეორე ფრონტთან დაკავშირებით პოდოლიაკისდანილოვის და სხვების განცხადებებს, შეგახსენებთ იმას, რომ ძებნილები, დამნაშავეები, დღეს უკრაინაში კვლავაც იკავებენ მაღალ თანამდებობებს, ეს არ შეესაბამება იმ ისტორიულ მეგობრულ ურთიერთობებს, რომლებიც არსებობს უკრაინელ და ქართველ ხალხებს შორის და უკრაინისა და საქართველოს სახელმწიფოებს შორის. ეს არის სრული აცდენა ამ ისტორიულ-მეგობრობის სულისკვეთებიდან, შესაბამისად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ უკრაინის ხელისუფლებას, მიიღოს ისეთ გადაწყვეტილებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ისტორიული მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავებას და ხელს არ შეუწყობს ხალხების, ქვეყნების ხელოვნურად დაშორებას“, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია საქართველოს მთავრობას მიმართავს - დაგვიბრუნდეს მიხეილ სააკაშვილი, შეწყდეს ფრენები რუსეთთან, აგრესორის დახმარება სანქციების გვერდის ავლაში