მიხეილ სააკაშვილი აბსურდულ განცხადებებს აკეთებს, მას უნდა, გვაჩვენოს, რომ დემენცია აქვს, ჩვენ გვაქვს მეგობრული ურთიერთობები როგორც აზერბაიჯანთან, ასევე სომხეთთან და უნდა გავაგრძელოთ ამ ურთიერთობების გაღრმავება, მაგრამ ამ კონტექსტში ახალი ინიციატივის შემოტანა, ეს არის სააკაშვილის მცდელობა, რომ საკუთარი თავის აქტუალიზაცია მოახდინოს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ აზერბაიჯანთან და სომხეთთან მეგობრობა გაღრმავდეს.
„რაც შეეხება ამის მიღმა აქ გადავდივართ უკვე რუსეთის ფედერაციაში, სააკაშვილის ჰქონდა თავის დროზე ვითომ მცდელობა ცალ-ცალკე გაემყარებინა ურთიერთობები რუსეთის ფედერაციულ სუბიექტებთან. ახლაც ასეთი პროვოკაციული იდეებით რომ გამოდის, ეს მეტყველებს მის რეალურ მიზნებზე. მისგან არ არის ეს გასაკვირი, გუშინ ის, ისევე როგორც მთელი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გახდნენ პრიგოჟინისტები და გულით გულშემატკივრობდნენ ევგენი პრიგოჟინს, უძღვნიდნენ მას ეპითაპიებს, ლექსებს და ა.შ. ჩვენ ვურჩიეთ მათ დილიდანვე, რომ არ ამჩატებულიყვნენ, არ გამოევლინათ ზედმეტი აჟიტირება, თუმცა არ დაგვიჯერეს და მიიღეს შესაბამისი შედეგი, ათასი სისულელე თქვეს, ათასი შეცდომა დაუშვეს და ამაში ჩართული იყო სალომე ზურაბიშვილით დაწყებული, მის მიერ შეწყალებული გვარამიათი დამთავრებული, რომელიც გოუ, გოუ, ჟენიას პოსტავდა დილიდან მოყოლებული. პირდაპირ გულშემატკივრობდა კაცს, რომელმაც პირდაპირ მოაწყო ბახმუტში უკრაინელების სასაკლაო, ის ამით ამაყობდა. ასეთ კაცს გულშემატკვრობდა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. ამით ჩანს მათი სახე, ჯერ საერთოდ ანალიზის უნარი რომ არ აქვთ. დილიდან ვერ გააანალიზეს მოვლენები. თქვენ წარმოიდგინეთ ასეთი ანალიზის არმქონე ხელისუფლება რომ ჰყოლოდა საქართველოს, ქვეყანას გახვევდნენ ათას უბედურებაში. მადლობა ღმერთს, ეს ადამიანები, ეს გოუ, გოუ, ჟენიები არ არიან დღეს ხელისუფლების სათავეში. ქვეყანა არის გადარჩენილი იმის გამო, რომ ამ ადამიანებმა ვერ მოახერხეს 2021 წელს ხელისუფლებაში დაბრუნება. ისინი არიან კოლექტიური გოუ, გოუ, ჟენიები, პრიგოჟნისტები. მათი ადგილი ხელისუფლებაში არ არის. საზოგადოება ამას აფასებს და აქედან გამომდინარე, ისინი ვერც მომავალში ვერ მობრუნდებიან ხელისუფლებაში“, – განაცხადა კობახიძემ.