სალომე ზურაბიშვილს ვინც მიანიშნა, რომ გვარამია შესაწყალებელი იყო, მას სურს საქართველოში პოლარიზაციის გაღვივება და ჩვენთვის ეს არის ძალიან ცუდი ნიშანი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„რატომ სურთ ამ ძალებს საქართველოში პოლარიზაციის გაღვივება, ამაზე საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს, თუმცა, თავისთავად, ეს არის ძალიან სამწუხარო ნიშანი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს ნიკა გვარამიას პოლიტიკაში სავარაუდო შესვლასთან დაკავშირებით, რაზეც ირაკლი კობახიძემ განმარტა , რომ „გვარამიას დიდი რესურსი არ აქვს, უბრალოდ, პოლარიზაციას დამატებით შეუწყობს ხელს, ეს არის და ეს“.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შეიწყალა.
"დღეს მოვაწერე ხელი ნიკოლოზ გვარამიას შეწყალების აქტს. ეს გადაწყვეტილება მე მივიღე რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად საკასაციო სარჩელი. ამ გადაწყვეტილებაზე მე არ ვაპირებ, რომ ახსნა-განმარტება გაგიზიაროთ, ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც მე ვიყენებ დღეს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.