გახარიამ გაამწარა და გადაიმტერა უამრავი ადამიანი თავისსავე პარტიაში. ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც წამოვიდა პარტიიდან და არ გაუხმაურებია ამის შესახებ, შეგვხვდა და მოგვიყვა, რომ ქვეყნის მასშტაბით ოფისი არ არსებობს, სადაც მან ფულადი ვალი არ დატოვა. ჩვეულებრივი გადამგდებია, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ასეთ პირობებში, გასაკვირი არ არის, რომ გახარიას პარტიას ერთი მეორეს მიყოლებით ტოვებენ.
„საბოლოო ჯამში, ეს მეტყველებს იმაზე, რომ არავითარი რესურსი არ აქვს ამ სუბიექტს, რაიმე წარმატებას მიაღწიოს პოლიტიკაში. როცა გადამგდები ხარ და შეგიძლია, საკუთარი პარტიის წევრიც კი ვალებში გადააგდო, რა თქმა უნდა, იქ პოლიტიკურ წარმატებაზე საუბარიც კი ზედმეტია. ამ კაცმა ავტომობილები და ბინები გააყიდინა პარტიის წევრებს არჩევნების წინ და შემდეგ გადააგდო, ჰპირდებოდა სამმაგად ფულის დაბრუნებას არჩევნების შემდეგ და გადააგდო ისინი. როგორ გააჩერებს ასეთ ხალხს პარტიაში. ძალიან ვრცელი ინფორმაცია გვაქვს ამ თემებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.