საქართველოს პროკურატურამ თბილისში მომხდარი მიხეილ ქავთარაძის მკვლელობის ფაქტზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავა, ხოლო ამავე საქმეზე მსჯავრდებულს, ახალი ბრალი წარუდგინა.

"თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 21 დეკემბერს, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდებული დავით გოგიძე თანმხლებ პირებთან ერთად გადაადგილდებოდა თბილისში, ვაზისუბნის ტერიტორიაზე, სადაც ფიზიკურად დაუპირისპირდა მიხეილ ქავთარაძეს და მის თანმხლებ პირებს. ამ ფაქტით განაწყენებულმა მსჯავრდებულმა დავით გოგიძემ დააორგანიზა ჯგუფური ძალადობა, კერძოდ დაუკავშირდა მის ძმას, თორნიკე გოგიძეს და მეგობარ ოთარ მარანელს, რომლებსაც უთხრა მომხდარის შესახებ და სთხოვა დახმარება, რაზეც მათ განუცხადეს თანხმობა.

თორნიკე გოგიძე, მის მეგობარ ოთარ მარანელთან ერთად მივიდა მსჯავრდებულ დავით გოგიძის მიერ მითითებულ მისამართზე და ადგილზე მყოფ არასრულწლოვან გ. დ. - თან ერთად იძალადეს მიხეილ ქავთარაძეზე და მის თანმხლებ პირებზე, რის შედეგადაც მათ მიიღეს სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები.

ამავე კონფლიქტის დროს, ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორმა, მსჯავრდებულმა დავით გოგიძემ მის თანმხლებ პირებთან შეუთანხმებლად, განზრახ მოკვლის მიზნით, სხეულის სხვადასხვა არეში დანის გამოყენებით ჭრილობები მიაყენა მიხეილ ქავთარაძეს და მის თანმხლებ პირებს, რის შედეგადაც მიხეილ ქავთარაძე გარდაიცვალა, ხოლო სხვა პირებმა სიცოცხლისთვის სახიფათო ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს,"- აღნიშნულია განცხადებაში.