ძალაუფლება საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ აგენტურა არ შეიძლება დაბრუნდეს ხელისუფლებაში, ქვეყანა უნდა მართოს ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ და არა თავს მოხვეულმა აგენტურამ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, უნდა გაკეთდეს ყველაფერი, რათა აგენტურას არა თუ პრაქტიკული, თეორიული შანსიც არ დარჩეს ამ ქვეყანაში.

 „ეს კანონიც ამას ემსახურება. არჩევნებზე არაფერი გვემუქრება, 61,5 პროცენტი იყო ბოლო კვლევის თანახმად  ჩვენი რეიტინგი, ანუ არჩევნების მოგება შეგვიძლია თავისუფლად, მაგრამ ეს კი არ არის მთავარი - ჩვენ არჩევნები მოვიგეთ 2020 წელსაც და ვართ იმის შემდეგ ხელისუფლებაში, მაგრამ ამ სამი წლის განმავლობაში იყო რევოლუციის ორი მცდელობა. ეს რომ არ ყოფილიყო, მინიმუმ ჩვენი ეკონომიკა იქნებოდა დღეს 5 მილიარდი დოლარით მეტი, მარტივად შეიძლება ამ ყველაფრის დათვლა. 5 მილიარდი დოლარით მეტი როცა არის შენი ეკონომიკა, ასეთ დროს შეგიძლია, მილიარდი დოლარით მეტი დაამობილიზო სახელმწიფო ბიუჯეტში, მილიარდი დოლარით მეტი ნიშნავს იმას, რომ რა პროექტებიც კეთდება, იმაზე ბევრად მეტი შეგიძლია გააკეთო, შეგიძლია სოციალურ პროგრამებს მოახმარო და ა.შ. საბოლოო ჯამში, ვითარების არევის და რევოლუციის ეს გამუდმებული მცდელობა ჩვენ ვერ გვარყევს, ხომ ხედავთ. ზედიზედ რვა არჩევნები მოვიგეთ და მეცხრე არჩევნებსაც მოვიგებთ, მაგრამ ქვეყანას არ ასვენებენ, მის ეკონომიკას არ ასვენებენ, ამიტომ გვჭირდება სტაბილური სამომავლო განვითარებისთვის მყარი საფუძვლების შექმნა და ამას ემსახურება გამჭვირვალობის კანონი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, შსს-ს განცხადებით, პარლამენტის შენობასთან გუშინ გამართულ აქციაზე 63 პირი დააკავეს - დაშავდა 6 სამართალდამცველი

საკანონმდებლო ორგანოსთან, 30 აპრილის აქციაზე სამართალდამცველებთან დაპირისპირების დროს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილს ფიზიკური დაზიანება მიაყენეს. 

ასევე, აქციაზე დაპირისპირების დროს მსუბუქი დაზიანებები მიიღო მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძეს, რომელიც ასევე, ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. 

 სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, ჩაატარონ ეფექტიანი გამოძიება 30 აპრილის აქციაზე არაპროპორციული ძალის გამოყენების, ასევე მედიის წარმომადგენლების დაშავების ფაქტებზე

ასევე, შსს- ს განცხადებით, აქცია სრულად გასცდა მანიფესტაციის ფარგლებს, გახდა ძალადობრივი, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, შსს იწყებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებას    

რუსთაველზე მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს

ევროპარლამენტმა საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან" დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას მხარი დაუჭირა 425-მა  ევროპარლამენტმა, წინააღმდეგ 25 წავიდა, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა. -  ევროპარლამენტი ევროსაბჭოსა და პარტნიორებს მოუწოდებს, ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება განიხილონ

ასევე, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროპულ ამბიციებს - რა წერია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში

საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის თქმით, კანონი "უცხოელი აგენტების" შესახებ, შესაძლოა, შემოიღონ იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ არსებობდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები

ცნობისთვის,   საქართველოს პარლამენტმა  პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი მიიღ

2024 წლის 16 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის..

2024 წლის 3 აპრილს საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“

2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო, რომელიც,  საპროტესტო აქციებით დღემდე გრძელდება.