ბიძინა ივანიშვილს არაფერი დაუშავებია სალომე ზურაბიშვილისთვის, ზედ არის გადაყოლილი. ქვეყანაში არ არის პოლიტიკოსი, რომელსაც მეორე პოლიტიკოსისთვის ისეთი პატივი უცია, როგორი პატივიც სცა ბიძინა ივანიშვილმა. - ამის შესახებ გირჩის დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ მედიასთან განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ სალომე ზურაბიშვილის ხელით რაღაცის გასაკეთებლად ემზადება, თუმცა არ აქვს ინფორმაცია, რა შეიძლება იყოს ეს.
„სალომე ზურაბიშვილისადმი „ქართული ოცნების“ პოლიტიკა არის მის მიმართ გამიჯვნის, რადგან სალომე ზურაბიშვილის ხელით რაღაცის გასაკეთებლად ემზადებიან. ეს იქნება ახალი პოლიტიკური ძალის შექმნა, ერთი შეხედვით პროდასავლური, რომელიც „ქოცების“ ყულაბაში ხმებს მოაბილიზებს, თუ მიხეილ სააკაშვილის გაშვება, ამას ვერ გეტყვით, მაგრამ ვგრძნობ, რომ „ქართული ოცნება“ სალომე ზურაბიშვილისთვის რაღაცას ამზადებს. რაღაცაში იმპიჩმენტი არ იგულისხმება, მათ განვიხილავ, როგორც თანამოაზრეებს და მოკავშირეებს, რომლებიც ერთად არიან ხელისუფლებაში. სალომე ზურაბიშვილის მხრიდან პოლიტიკური თამაში გაგიკვირდებოდათ? გაგიკვირდებოდათ, პოლიტიკოსი პოლიტიკურ თამაშში იყოს ჩართული? ბიძინა ივანიშვილთან მის დაპირისპირებას არანაირი საფუძველი არ აქვს. ბიძინა ივანიშვილს არაფერი დაუშავებია სალომე ზურაბიშვილისთვის, ზედ არის გადაყოლილი. ქვეყანაში არ არის პოლიტიკოსი, რომელსაც მეორე პოლიტიკოსისთვის ისეთი პატივი უცია, როგორი პატივიც სცა ბიძინა ივანიშვილმა. ახლა თქვენ მეუბნებით, დავიჯერო, რომ ივანიშვილთან დაპირისპირებულია? ამის არ მჯერა. ბიძინა ივანიშვილი მარტივად ფეთქებადი კაცი არ არის და გადაწყვეტილებებს ემოციურად არ იღებს. მისთვის იმდენი რამ უწოდებიათ, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ ნათქვამი ოლიგარქი არც არაფერს მოაკლებს და არც მოუმატებს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.