„ქალბატონო ბერბოკ, თქვენ მიიღეთ აყვავებული გერმანია და იმდენი გააკეთეთ, თქვენი ამ პოლიტიკით, რომ დღეს თქვენი ქვეყანა ერთ-ერთ მაჩანჩალად აქციეთ ევროპაში. ეს სტატისტიკის მონაცემებია, შეურაცხყოფა არ არის. ჩვენ 2012 წელს მივიღეთ გაჩანაგებული, დამონებული საქართველო და ჩვენი სწორი პოლიტიკით ახლა გვაქვს მყარად, ორ ფეხზე მდგომი ქვეყანა.“- ასე მიმართა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან სიტყვით გამოსვლისას.

მაჭარაშვილმა პარალელები გაავლო საქართველოსა და გერმანიაში სახელმწიფო მოხელის მიმართ მოქალაქეების მხრიდან მიყენებული შეურაცხყოფის საპასუხოდ გატარებულ ღონისძიებებს შორის, მოიყვანა სტატისტიკა, რამდენი მოქალაქეა სისხლის სამართლის წესით პასუხისგებაში მიცემული გერმანელი მინისტრების სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის და აღნიშნა, რომ ამ ფონზე გერმანია ითხოვს საქართველოში იმ პატიმრის გათავისუფლებას, რომელმაც პოლიციელს სახეში ხელი გაარტყა.

„მსურს ჩვენი საზოგადოების ყურადღება შევაჩერო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოთხოვნაზე გათავისუფლდეს პატიმარი, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს. აქ შეიძლება გასაკვირი, არც არაფერი ყოფილიყო, თავად გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი თავად რომ არ იყოს რეკორდსმენი გერმანიის მოქალაქეების სისხლის სამართლებრივი წესით დევნაში. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მისი მიმართვის საფუძველზე პროკურატურამ 513 ადამიანზე დაიწყო გამოძიება შეურაცხყოფის მუხლით, რაც 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ამ სტატისტიკაში მას მხოლოდ მისი კოლეგა ეკონომიკის მინისტრი რობერტ ჰაბეკი უსწრებს, რომლის მიმართვის საფუძველზე 805 ადამიანია გამოძიების ქვეშ. ისე, რომ გადავთვალოთ, ეს მინისტრები დღენახევარში ერთხელ წერენ საჩივარს თავიანთი მოქალაქეების წინააღმდეგ და სამინისტროს როდისღა ხელმძღვანელობენ საკითხავია.

სხვათა შორის ამ ორი მინისტრის მიმართვების გამო ადამიანების დევნის, მათი ბინების ჩხრეკის მაგალითები მოიყვანა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეიდი ვენსმა მიუნხენის კონფერენციაზე, როდესაც გერმანიის დემოკრატიის უკუსვლაზე საუბრობდა. შესაძლოა ვინმემ იფიქროს, რომ სახეში გარტყმაზე უარესი ის 513 თუ 815 შემთხვევა იქნებოდა. ნურას უკაცრავად, ადგილი აქვს ასეთ შემთხვევებს, როცა ქალბატონ ბერბოკს ერთ-ერთმა მოქალაქემ სოც.ქსელში ტერორისტი, 58 წლის მამაკაცმა კი მსოფლიოში ყველაზე სულელი საგარეო საქმეთა მინისტრი უწოდა, ბოლო ეპითეტის ავტორს ქართველებისთვის კარგად ნაცნობმა მიხეილ როთმაც კი უჩივლა, რომელიც აქ ჩვენ ჭკუას გვასწავლის, არადა მას სოც.ქსელში მშიშარა ქვეშაფსიას უწოდებენ. ამ ფაქტტან დაკავშირებითაც აღძრეს სისხლის სამართლის საქმე. სხვათა შორის სასამართლომ ეს ადამიანები 9600 ევროთი ანუ დაახლოებით 30 ათასი ლარით დააჯარიმა. ასეთი კი დაახლოებით ასეულობით საქმეა.

ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რა მოხდებოდა ამ მოქალაქეს ქალბატონ ბერბოკისთვის და ბატონ როთისთვის სახეში რომ შემოერტყა. არა სოც.ქსელში დაეწერა, რომ სულელი საგარეო საქმეთა მინისტრიაო, არამედ სახეში გაერტყა, როგორც ამაღლობელმა გაარტყა პოლიციელს, რას უზამდნენ მაშინ ამ მოქალაქეებს გერმანიაში. ეს ადვილი წარმოსადგენია განსაკუთრებით ფარისეველი საგარეო საქმეთა მინისტრის ფონზე.

ახლა ისიც წარმოვიდგინოთ, რა შეფასება ექნებოდა იმავე სამინისტროს, ჩვენს რომელიმე მინისტრს რომ მიემართა პროკურატურისთვის 513 მოქალაქის საწინააღმდეგოდ და მეორე მინისტრს 815 მოქალაქის საწინააღმდეგოდ? ხომ ატყდებოდა ერთი ამბავი ე.წ კრიტიკულ მედიებში, ჩვენი მინისტრები რით არიან დაკავებულებიო? ცალკე აღსანიშნავია, რომ ცოტახნის წინ გერმანიის მთავრობამ თვითნებურად და დაუსაბუთებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე წარმომადგენელს გერმანიაში შესვლა შეუზღუდა. ეს განცხადება არის მუქარით მართლმსაჯულებაზე ზეწოლა. სამწუხაროდ, ასე ღიად ემუქრებიან საქართველოს.

ფაქტი ერთია, სულელის და ტერორისტის დაძახების გამო მოქალაქის სისხლის სამართლის წესით მდევნელი მინისტრისგან გამოხატვის თავისუფლებასა და თმენის ვალდებულებაზე მითითება სხვა არაფერია თუ არა ფარისევლობა, რასაც სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, გერმანელი პოლიტიკოსების მხრიდან ჩვენ შეჩვეულები ვართ. საქმე ისაა, რომ ბერბოკის ეს ხელწერა ჩვენთვის კარგადაა ცნობილი, რადგან მისი მსგავსი აგენტები ჩვენთანაც მრავლად არიან. ასევე, გასაკვირი აღარ არის, რომ არც ბერბოკს, არც როთს და არც ეკონომიკის მინისტრს გერმანია არ ადარდებს ისევე, როგორც საქართველო არ ადარდებს მათ აქაურ წარმომადგენლებს. ჩვენ უნდა აღვნიშნოთ, რომ სწორედ ასეთი ბერბოკებისა და როთებისგან დავიცავით ჩვენი ქვეყანა, როდესაც გამოვედით "ხალხის ძალა" უმრავლესობის რიგებიდან და ხალხს სიმართლე ვუთხარით, რითაც მივეცით საშუალება, რომ საქართველოში ეროვნული ხელისუფლება დარჩენილიყო და ეროვნულ ხელისუფლებას, სწორედ ჩვენი პოლიტიკით, მივეცით იმის საშუალება, რომ ბოლომდე მიეყვანა და აეცილებინა თავიდან ის უბედურებები, რაც ახლა უკრაინაში ხდება და ის უსამართლობები, რაც ევროპაში ხდება. ამიტომ ჰყავს დღეს საქართველოს ეროვნული ხელისუფლება, რომელიც ცდილობს გაამყაროს სუვერენიტეტი და არავის მისცეს უფლება, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეურაცხმყოფელი შეტევა დაუშვას.

ქალბატონო ბერბოკ, თქვენ მიიღეთ აყვავებული გერმანია და იმდენი გააკეთეთ, თქვენი ამ პოლიტიკით, რომ დღეს თქვენი ქვეყანა ერთ-ერთ მაჩანჩალად აქციეთ ევროპაში. ეს სტატისტიკის მონაცემებია, შეურაცხყოფა არ არის. ჩვენ 2012 წელს მივიღეთ გაჩანაგებული, დამონებული საქართველო და ჩვენი სწორი პოლიტიკით ახლა გვაქვს მყარად, ორ ფეხზე მდგომი ქვეყანა. თქვენ არ ემსახურებით გერმანიას, ემსახურებით გლობალურ ომის პარტიას და ეს გამოჩნდა. ჩვენ კი ვემსახურებით საქართველოს და არა გლობალურ ომის პარტიას. აი, ეს განსხვავებაა აგენტებსა და სუვერენიტეტის დამცველ პოლიტიკოსებს შორის.

რა არის ამ ისტორიის მორალი? გერმანელი მინისტრისთვის სულელის დაძახება სისხლის სამართლის დანაშაული ყოფილა, ხოლო ქართველ პოლიციელზე ფიზიკური თავდასხმა გამოხატვის თავისუფლება და ჩვენ ეს უნდა დავიჯეროთ? ამის აღარავის აღარ სჯერა. ბოლოს, მე მინდა, რომ ბუნდესტაგიდან გამოთხოვილი ინფორმაცია გადავცე საქართველოს მედიას, სადაც მოყვანილია ქალბატონი ბერბოკის მიერ მოქალაქეების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნის სტატისტიკა.“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.