"სატელევიზიო სპექტაკლია ასეთი - ეროსი მანჯგალაძე უჩინმაჩინის ქუდს დაიხურავს და ვერ მხედავენო, ხომ გახსოვთ? ამ მდგომარეობაში არიან ახლა [ოპოზიცია]. როდესაც ტრამპის მარტო განცხადებები კი არა, ბრძანებებია პირდაპირ გაცემული იმასთან დაკავშირებით, რომ არასამთავრობო სექტორმა უცხოეთში შეასრულა არასწორი როლი, ის როლი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ეს რადიკალური პროცესები, სამწუხაროდ, იყო ამერიკის საელჩოში კოორდინირებული", - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.
მისივე განმარტებით, "ხალხის ძალის" გზავნილები აშშ-ის საელჩოსთან დაკავშირებით ერთი-ერთში დაემთხვა ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებებს.
"2022 წლიდან დაწყებული, მე მიწევდა პასუხები კითხვებზე, თუ რატომ ვაკეთებდი ანტიამერიკულ და ანტიდასავლურ განცხადებებს. ახლა რატომ არ არის საუბარი იმაზე, რომ ტრამპი უშვებს ანტიდასავლურ, ანტიამერიკულ და რუსულ ბრძანებებს? რატომ არ გამოდიან ახლა და ამაზე რატომ არ საუბრობენ?
ჩვენ ვამბობდით, რომ USAID-მა დააფინანსა აქ რადიკალური პროცესები. PVT-ის გაყალბებასთან კავშირში "სამართლიანი არჩევნები" საიდან ფინანსდებოდა? ეს თქვა დღეს ტრამპმა, ეს დაადასტურა ილონ მასკმა და ეს თქვა რუბიომ - სახელმწიფო მდივანმა, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ საერთაშორისო მასშტაბით, თუ ჩახვალთ ამერიკის საელჩოებშიო (რუბიოს სიტყვებს ვციტირებ), ნახავთ, რომ ამერიკის ელჩი, ელჩის ფუნქციების შესრულების ნაცვლად ერევა ადგილობრივი მთავრობების პოლიტიკაში. რუბიოს სიტყვებია ეს და ახლა ჩვენი ციტატა წაიკითხეთ, რას ვამბობთ - ამერიკის საელჩო აფინანსებს და კოორდინაციას უწევს საქართველოში რადიკალურ და ანტისახელმწიფოებრივ პროცესებს. ერთი-ერთში ემთხვევა," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.