საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი წონაში ისევ იკლებს და ამჟამად ის 67 კილოგრამს იწონის.

 გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივა მედში" დღეს მოინახულა, რის შემდეგაც მედიასთან განაცხადა, რომ მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

"კატასტროფული მდგომარეობაა, 67 კილოა უკვე ადამიანი. ეს უკვე ის ზღვარია, რომლის შემდეგაც იწყება ორგანოების გათიშვა, რომლის შემდეგაც სიკვდილის მეტი აღარაფერი რჩება. რუსთავი ორი, იმედი, თქვენ უფროსებს უთხარით, მოგცენ საშუალება მიხვიდეთ და იქ გადაიღოთ რეალური კადრი და არა ის, რაც გუშინ აჩვენეს", - თქვა გიული ალასანიამ.

შეგახსენებთ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მიხეილ სააკაშვილმა სახალხო დამცველის აპარატს მიმართა, რათა ომბუდსმენის კონსილიუმის წევრები მასთან შევიდნენ. ექიმები მიხეილ სააკაშვილს სავარაუდოდ, ამ კვირაში მოინახულებენ, ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.