საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი „ბერგჰოფის ფონდის“ ევროპის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ოლივერ ვოლეს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამშვიდობო პროცესის განვითარების პერსპექტივები და უკვე არსებული გამოცდილება, ასევე ამ პროცესებისათვის ხელისშემშლელი საკითხები.
„ბერგჰოფის ფონდი“ ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა, რომელიც უკვე დიდი ხანია მსოფლიოში კონფლიქტების მოგვარების თემებზე მუშაობს და ამ კუთხით საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს დაგროვილი. ეს არასამთავრობო ორგანიზაცია ფაქტობრივად სამეცნიერო დაწესებულებას წარმოადგენს დიდი რესურსებით და სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები ამ მსოფლიო დონის ორგანიზაციისგან იღებენ რჩევებს კონფლიქტოლოგიისა და მშვიდობის მშენებლობის საკითხებზე“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ შეხვედრის შემდეგ.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის შეფასებით, მსგავსი კონსულტაციები, თუ როგორ უნდა განვავითაროთ სამშვიდობო პროცესები საქართველოში და მათ შორის, კავკასიაში მაშინ, როდესაც თვით მსოფლიოშიც საკმაოდ რთული ვითარებაა, საყურადღებო და მნიშვნელოვანია.