ის, რაც ახლა პარლამენტში ხდება, არის პირდაპირი საბოტაჟი საქართველოს ევროინტეგრაციის და ამ დანაშაულში თავისი წვლილი თავიდან ბოლომდე, 100%-ით მიუძღვის „ქართულ ოცნებას“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მედიასთან განაცხადა.

„ჩვენ ერთიანი ქმედებით გავაგრძელებთ ბრძოლას იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის და ნატოს წევრი, საქართველომ იზეიმოს გამარჯვება. მთავარი გამარჯვება იქნება მაშინ, როცა ეს სამარცხვინო და გაფარჩაკებული „ქართული ოცნება“ აღარ იქნება ხელისუფლებაში და რუსეთის ინტერესების გამტარებლები აღარ იქნებიან ამ პარლამენტში. დამერწმუნეთ ეს გამარჯვება ძალიან ახლოსაა და უკვე მესამედ დაფიქსირებული ეს ერთიანობა ოპოზიციის მხრიდან და გაქცეული უმრავლესობა არის ამის რეალური და ნათელი პასუხი.

ვერაფერი სხვა დღის წესრიგში ვერ იქნება, სანამ კენჭისყრები არ ჩატარდება, თუმცა ჩვენ „ქართული ოცნებისგან“ მიჩვეული ვართ პროცედურების დარღვევას, კარების ჩაკეტვას, დამალვას, გაპარვას, გაქცევას, ამიტომ ბევრ რამეს უნდა დაველოდოთ. მთავარია, რომ ოპოზიციამ სამგზის აჩვენა ერთიანობა და სამგზის გავაშიშვლეთ სისტემა, რომელიც ბოლომდე გაფარჩაკდა ხალხის თვალწინ და რომელიც მფარველობს კლანს საქართველოში. მე ვფიქრობ, მიზანი უკვე მიღწეულია, მთელმა მსოფლიომ და მთელმა საქართველომ დაინახა, ვისთან გვაქვს საქმე, ასე უნდა დავამარცხოთ ერთიანობით ეს რეჟიმი“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ კვორუმის არარსებობის გამო, სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა მესამედაც ვერ შედგა