საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილეები - ირაკლი დოლაბერიძე და ლევან მგალობლიშვილი - "თბილისი არენასთვის" ლეგენდარული ქართველი კალათბურთელების - ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას - სახელის მინიჭების ოფიციალურ ცერემონიალს დაესწრნენ. საზეიმო ღონისძიებაზე ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის სპორტის სასახლის ფასადზე სპეციალური მემორიალური დაფაც გაიხსნა.
ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას დიდი წვლილი მიუძღვით ქართული კალათბურთის განვითარებაში. ოთარ ქორქია გახლავთ სამგზის ევროპის ჩემპიონი, ჰელსინკის 1952 წლის ოლიმპიური ვერცხლის პრიზიორი, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და თასის მფლობელი, მსოფლიოს სტუდენტური თამაშების ჩემპიონი, მოგვიანებით კი ევროპის ჩემპიონთა თასის გამარჯვებული თბილისის "დინამოს" მწვრთნელის რანგში.
ხოლო ნოდარ ჯორჯიკია ევროპის ჩემპიონი, ჰელსინკის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი, მსოფლიოს სტუდენტური თამაშების ჩემპიონი, მრავალგზის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და თასის მფლობელია.
ღონისძიებას ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას ოჯახის წევრები და სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.




