თუ რამე მინუსი იყო 2012 წლამდე, ეს იყო მართლმსაჯულება, სასამართლო სისტემა და ამ გახრწნილმა სასამართლო სისტემამ ფრთები „ქართული ოცნების“ პირობებში გაშალა - მე ამერიკული მხარის გადაწყვეტილებაში ეჭვი არ შემაქვს , - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
„ამერიკამ თქვა, რადგან თქვენ არ იძიებთ, კი ბატონო, მე დავადებ სანქციებს. რაზე ვლაპარაკობთ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე თვითმკვლელობას აპირებდა უზენაესი სასამართლოს შენობაში. რამდენი ადამიანი გაანადგურეს და რამდენ ადამიანს გადაუარეს. ჩვენ ეს ფაქტები ხომ ვიცით. მურუსიძე და ჩინჩალაძე თავიდან ბოლომდე ამ რეჟიმის მსახურები არიან.
„ნაციონალურმა მოძრაობა“ კი არ დაკარგავდა ხელისუფლებას საბაჟო რეფორმა, პატრულის რეფორმა და იუსტიციის სახლები რომ ყოფილიყო მხოლოდ. ხელისუფლება სწორედ ამ სასამართლოს გამო დაკარგა, რომელიც იმ გადაწყვეტილებებს იღებდა, რომელსაც პროკურატურიდან იღებდა. ამიტომ ამაზე ღიად უნდა ვთქვათ, რომ ეს იყო სისტემური პრობლემა, რომელიც იყო მართლმსაჯულებში, მაგრამ 11 წელი გავიდა და რაღაზე ვლაპარაკობთ. რეალურად ბიძინა ივანიშვილმა ხალხი მოატყუა, რომ ვითომ სამართლიანობის აღდგენა უნდა მომხდარიყო, რაც ნიშნავდა იმას, რომ სასამართლო ხელისუფლება უნდა გასწორებულიყო, თუმცა უბრალოდ ადგა, გადაიფორმა, გაცილებით უფრო მეტი უფლებამოსილება მისცა და გარდა პოლიტიკური დავალებებისა ქრთამში და კორუფციაში ჩაფლო სასამართლო სისტემა, რაც ნამდვილად არ იყო 2012 წლამდე. 2012 წლამდე ვინ მისცემდა მაგათ ასეთ აღებ-მიცემობის უფლებას, რაც დღეს აქვთ მოსამართლეებს გაჩაღებული. იმას დაემატა ზემოდან ფულის კეთება, ინვესტორების შევიწროება, ბიზნესის შევიწროება, უსამართლო გადაწყვეტილებები და მივიღეთ კატასტროფული კლანი. უფრო მეტიც, ეს კლანი ისე გავეშდა, რომ საკუთარი ოჯახის წევრები განაწესეს მოსამართლეებად და უმრავლესობაში რატომ არიან?! იმიტომ, რომ ნათლია, ნათლული, თანაშემწე, დეიდაშვილი, ძმა, და, შვილი - ასეა დღეს სასამართლო სისტემა და უმცირესობაში არიან ღირსეული მოსამართლეები, რომლებსაც ხმის ამოღება აუკრძალეს კანონით“, - განაცხადა ვაშაძემ.