საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან არის მცდელობა, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, თითქოსდა საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო, რომელიც რუსულ კანონს 18 მაისს დაადო, მოტივირებული შენიშვნების გარეშე დაუბრუნა პარლამენტს - ეს არის ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ განაცხადა.
"პრეზიდენტის ვეტო არის მოტივირებული შენიშვნებით, მასში აღწერილია კონსტიტუციის 4 მუხლი, რომელიც ირღვევა ამ კანონით, არის განმარტებული რატომ არის აღნიშნული კანონი რუსული, მოყვანილია მისი მიღების მოტივაცია და მისი მიღების ფორმა, რომ ეს კანონი ჩვენთვის მიუღებელი და დაუშვებელია.
რაც ეხება კანონში ერთი წინადადების ჩამატებას, რომ კანონი ამოქმედდეს ერთი დღით, ეს არის ჩვეულებრივი იურიდიული ტექნიკა, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ კანონი გაუქმდეს. კანონი თუ არ ამოქმედდა, შესაბამისად, მისი გაუქმება შეუძლებელია.
საქართველოს პრეზიდენტის ვეტო - მოტივირებული შენიშვნები ატვირთულია საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე და გაზიარებული იქნება Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე. - განაცხადა მსხილაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს ვეტო დაადო.
"დღეს დავადევი ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, თავისი სულისკვეთებით, არის რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენ კონსტიტუცია და ეწინააღმდეგება ყველა ევროპულ სტანდარტს და ამდენად წარმოადგენს შეფერხებას ჩვენს ევროპულ გზაზე.
ეს ვეტო არის სრულიად გამართული იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. ეს კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას და ამდენად არის ძალიან მარტივ ვეტო. ეს კანონი უნდა გაუქმდეს" - განაცხადა პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, 84 მომხრე - 30 წინააღმდეგი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით 2024 წლის 14 მაისს მიიღო. რომელიც საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ხელმოსაწერად გადაეგზავნება
ევროპარლამენტმა საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან" დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას მხარი დაუჭირა 425-მა ევროპარლამენტმა, წინააღმდეგ 25 წავიდა, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა. - ევროპარლამენტი ევროსაბჭოსა და პარტნიორებს მოუწოდებს, ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება განიხილონ
2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო, რომელიც, საპროტესტო აქციებით დღემდე გრძელდება.