უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონზე უცხოელების ჭარბი ჩარევა გვაჩვენებს ერთ რამეს, რომ ეს კანონი ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ქართული კანონია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევენ.
„რაც შეეხება გამოქვეყნებიდან ერთ დღეში გაუქმებას, ეს არის საზოგადოების დაცინვა. ქალბატონმა სალომემ უკვე ყველა მეთოდი გამოიყენა, რათა აჩვენოს, რომ ის ამ ქვეყნის მოქალაქედ თავს არ მიიჩნევს და კონსტიტუცია მისი კონსტიტუცია არ არის და ეს ხალხი მას თავის ხალხად არ მიაჩნია. დასცინის ხალხს, რომ ერთ დღიანი კანონი უნდა მივიღოთ. ეს ხომ დაცინვაა საერთოდ ქართველი ხალხის! ასევე, კონსტიტუციის დარღვევის შემდეგ ახლა უკვე პირდაპირ ქართველი ხალხის დაცინვაზე გადავიდა. ეს ცალკე საუბრის თემაა. ტექნიკურად პროექტი წარმოდგენილია.
ერთი რამ არის მნიშვნელოვანი - უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონზე უცხოელების ჭარბი ჩარევა გვაჩვენებს ერთ რამეს, რომ ეს კანონი ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ქართული კანონია. ამიტომ, რა თქმა უნდა, პარლამენტი ამ ვეტოს დაძლევს, ვინაიდან ეს აჩვენებს კიდევ ერთხელ, ამ კანონის ქართულობას. იმდენი უცხოელი, თავად რომ არიან დონორები და აფინანსებენ, იმდენი უცხოელი ჩაერია ამ საკითხში, ბოლოს მიტინგებზეც გამოვიდნენ, ზუსტად ეს აჩვენებს, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ქართული კანონი, რომელსაც ეს პარლამენტი იღებს, ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვეტოს დავძლევთ“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.