საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. მინისტრმა მთავარი მომხსენებლის სტატუსით, მონაწილეობა მიიღო ევროპული განათლების რიგით მე-6 სამიტში, რომლის მთავარი თემა იყო „ევროპული განათლების სივრცე – რეალობა ყველასთვის‘‘.
სამიტი ევროკომისარმა ინოვაციის, კვლევის, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხებში ილიანა ივანოვამ გახსნა. დამსწრე საზოგადოების წინაშე ასევე წარდგნენ მოლდოვის განათლებისა და კვლევის მინისტრი დან პერჩუნი და უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე იევჰენ კუდრიავეცი.
სიტყვით გამოსვლისას გიორგი ამილახვარმა ისაუბრა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებზე და ყურადღება გაამახვილა, აღნიშნული გამოწვევების დაძლევის კუთხით, ევროკავშირის მხრიდან განათლებისა და მეცნიერების სფეროების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე.
მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას საქართველოში განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმები გააცნო და განაცხადა, რომ ეს რეფორმები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სისტემის ევროკავშირის საგანმანათლებლო სტანდარტებთან დაახლოებას შეუწყობს ხელს.
რეფორმებზე საუბრისას გიორგი ამილახვარმა განსაკუთრებით გამოყო განათლების ბიუჯეტის უპრეცედენტო ზრდა, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განახლება, მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდა, პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების მხარდაჭერა, პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვა და სისტემაში კერძო სექტორის აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა, ასევე სტიპენდიატთა რაოდენობისა და სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობის გაორმაგება და დისტანციური სწავლების მიმართულებით დაგეგმილი სიახლეები.
მინისტრის განცხადებით, სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის მხარდაჭერა. კერძოდ, აქტიურად გრძელდება მუშაობა, საზღვარგარეთის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით, ერთობლივი ორმაგი ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების კუთხით.
როგორც გიორგი ამილახვარმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მომავალი წლიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ემატება ახალგაზრდობის მიმართულება. მან სრული მზაობა გამოთქვა ამ კუთხით ევროკავშირთან თანამშრომლობის გაძლიერებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე.
მინისტრი საქართველოსთვის, როგორც პოტენციური კანდიდატი ქვეყნისთვის, Erasmus + პროგრამის ყველა კომპონენტის ხელმისაწვდომობის საკითხსაც შეეხო. მან დაადასტურა სრული მზაობა Erasmus+ პროგრამის ყველა კომპონენტის განხორციელებისთვის საჭირო ვალდებულების აღების მიმართულებით. გიორგი ამილახვარის თქმით, Erasmus+ პროგრამის ფარგლებში არსებული ინიციატივები, უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს ქართველ სტუდენტებს, ევროპელ თანატოლებთან ერთად მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა საგანმანათლებლო და კულტურულ აქტივობაში.