მოლაპარაკება შედგება მაშინ, როცა რუსეთი გაიყვანს ჯარებს და უკრაინის დეოკუპაციას მოახდენს. ამ ტიპის გზავნილები, რომელიც გვესმის საქართველოს ხელისუფლებისგან, პრაქტიკულად არის ზუსტად იგივე შინაარსის, რასაც რუსეთის პროპაგანდა ლაპარაკობს , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ რუსეთ-უკრაინის ომზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
„რა თქმა უნდა, ისევე როგორც ყველა ომი, ეს ომიც მოლაპარაკებებით უნდა დასრულდეს და ყველას სურს ეს, ოღონდ არა იმგვარად, როგორც რუსეთი ამბობს. ისინიც აცხადებენ მოლაპარაკებების სურვილს, ოღონდ ამის შედეგად სურთ, რომ დაისაკუთრონ ტერიტორიები და რაღაცნაირად მათ მიერ განხორციელებული ოკუპაციის ლეგალიზაცია მოახდინონ.
ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში მოლაპარაკება ვერ შედგება, მოლაპარაკება შედგება მაშინ, როცა ის გაიყვანს ჯარებს და უკრაინის დეოკუპაციას მოახდენს. იმ ტიპის გზავნილები, რომელიც გვესმის საქართველოს ხელისუფლებისგან, პრაქტიკულად არის ზუსტად იგივე შინაარსის, რასაც რუსეთის პროპაგანდა ლაპარაკობს“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.