როდესაც დასავლეთშიც და ქვეყნის შიგნითაც, თუკი არსებობდა, ფაქტობრივად მოხსნილია კითხვა - ვისი ბრალი იყო აგვისტოს ომი? „ ოცნება“ ცდილობს ეს „შეცდომა“ გამოასწოროს - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის მიერ ფრიდონ ინჯიას ინიციატივაზე გაკეთებულ განცხადებას.
“ახლა, უკრაინის წინააღმდეგ ბოლო აგრესიის შემდეგ, დასავლეთშიც და ქვეყნის შიგნითაც კი, თუ ვინმეს ჰქონდა რუსული პროპაგანდის გამო არეული სურათი თავში - ვისი ბრალი იყო აგვისტოს ომი, ეს კითხვა ფაქტობრივად, მოიხსნა.
„ქართულმა ოცნებამ“ და ივანიშვილის რეჟიმმა, როგორც ჩანს, უნდა გამოასწორონ ეს „შეცდომა“, უნდა დაუდასტურონ ჩვენი საზოგადოების ნაწილს, ვისაც სჯერა მათი და საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ძველი მთავრობა, ანუ საქართველო, რადგან ის ქართველ ხალხს წარმოადგენდა, არის დამნაშავე ამ ომში. ამისთვის აკეთებენ ყველაფერს, სწორედ მათ შორისაა, ომის შიშის დანერგვის საკითხიც”, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ცნობისთვის, „ევროპელი სოციალისტები“, პროკურატურაში 2008 წლის ომის გამოძიების დაწყების მოთხოვნით, ხელმოწერებს აგროვებენ და პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ. აღნიშნულის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ინჯია ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ომისთვის მზადება 2007 წელს დაიწყო, ასევე ქართულ მხარეს ადანაშაულებს 2008 წელს ომის დაწყებაშიც. ინჯია ამბობს, რომ ეს იყო სააკაშვილის ძირითადი დანაშაული, რომელიც „მიიჩქმალა". აქვე დასძენს იმასაც, რომ სააკაშვილი ყველა ნაბიჯს ამერიკელებს უთანხმებდა და ამ ქმედებებს მათ გარეშე ვერ დაგეგმავდა და განახორციელებდა.
აღნიშნული საკითხის კომენტირებისას „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ აინტერესებს, „რატომ ჩაიდინეს მოღალატეობრივი ქმედებები“ და ამის გამოძიებას „სიამოვნებით“ დაუჭერდა მხარს.