„ეს კანონი ამ რეჟიმის პუტინისტური ბუნების კიდევ ერთი გამოვლინებაა. გასაგებია, რომ რეპრესიებითა და რეჟიმის სიმკაცრით ვერ შეედრება ქართული საზოგადოების დამსახურებით ეს რეჟიმი პუტინის რეჟიმს, მაგრამ ეს კანონი არის პირდაპირ კოპიო იმ კანონისა, რომელიც პუტინმა წლების წინ მიიღო.
ჩვენი უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ რომც არ მიიღონ ეს კანონი ან შეცვალონ რამე, ტაქტიკურად უკან დაიხიონ, ეს არ ცვლის არსებითად ჩვენს უზარმაზარ პრობლემას“ - ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის განცხადებას რუსული კანონის შესახებ
„ჩვენ დღეს, ამ ისტორიული ფანჯრის დროს, რომელიც ახლა გაიხსნა უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლის და დასავლეთში დაგვიანებული, თუმცა სწორი მიმართულებით შეცვლილი პოზიციის შედეგად, გვჭირდება ხელისუფლება, რომელიც პაპზე უფრო კათოლიკე იქნება ქვეყნის შიდა ამბებში და იქნება კარგი გაგებით შემაწუხებელი ყველა დასავლელი პარტნიორის საქართველოს საკითხზე, რომ მორალურად და პრაგმატულად უნდა იყოს საქართველო დასავლური უსაფრთხოების სისტემის ნაწილი.
ეს არის, რაც ჩვენ გვჭირდება და ამის ნაცვლად არის დისკუსია პუტინისტურ კანონს მიიღებენ, თუ არა, ამას ვეძახი მე ქვეყნის ინტერესების ღალატს“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ