ივანიშვილის რეჟიმს არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ თუ სტატუსს მოგვცემენ, ეს საზოგადოების ნაწილის შეცდომაში შესაყვანად გამოიყენოს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„ჩვენზე არ არის დამოკიდებული, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბრიუსელი, ჩვენში ვგულისხმობ ხელისუფლების პოლიტიკურ ოპონენტებს, საზოგადოებას, მათ შორის ოპოზიციას. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ორივე სცენარისთვის და არ უნდა მივცეთ საშუალება ივანიშვილის რეჟიმს, რომ თუ სტატუსს მოგვცემენ, ეს გამოიყენოს საზოგადოების ნაწილის შეცდომაში შესაყვანად. არ უნდა ვილაპარაკოთ ასეთი რაღაცები, რომ ხსნა არის სტატუსში რეჟიმის გამოცვლის გარეშე. თუ რეჟიმი არ გამოცვალე პროდასავლური რეჟიმით, სტატუსი ცალკე აღებული ვერაფერს ვერ გვიშველის. ოპოზიციური პარტიების მნიშვნელოვანი ნაწილი და სამწუხაროდ საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენელი იძახის, რომ ეს არის მთავარი ამბავი, მაგაშია ხსნა, ეს არასწორია.

გზავნილი, რომ სტატუსი მთავარია, არის მცდარი, მთავარია, რომ პროდასავლური ხელისუფლება გყავდეს. პროდასავლური ხელისუფლება თუ არ გყავს, სტატუსი ვერაფერს ვერ გშველის. თუ პროდასავლური ხელისუფლება გყავს, გაქვს ძალიან დიდი შანსი, რომ ერთ წელიწადში მიიღო ეს სტატუსი. სტატუსი თავისთავად არ არის ამოცანა, ამოცანაა ევროკავშირთან და ნატო-სთან დაახლოება.

თუ არ მოგვცეს სტატუსი, რისი ალბათობაც უფრო მაღალია ივანიშვილის რეჟიმის გამო, მაშინ ამ არასწორი კამპანიის გამო, ივანიშვილის მავნებლური პროპაგანდის და ოპოზიციის ნაწილის არასწორი გზავნილების თანხვედრის გამო, რომ რაც ზურაბიშვილმა თქვა, თუ არ მოგვცეს ზურგშექცეულად იგრძნობს ხალხი თავს, ჩვენ გვაქვს საფრთხე, რომ ამით მან გააღვივოს უიმედობა და თქვას, რომ ზურგი შეგვაქცია ევროპამ“, - განაცხადა ბოკერიამ.