რა არის ვენეციის კომისია და რატომ ველოდებით მის დასკვნას? რამდენიმე პუნქტი ჩამოვწერე, ისინი მარტივ პასუხებს იძლევიან ამ კითხვებზე.
რეალობა რომ ვიცოდეთ: ვენეციის კომისიის დასკვნებს სამართლებრივად სავალდებულო ძალა არ აქვს. - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში წერს.
"1. პირველ რიგში - ამ საერთაშორისო ინსტიტუტის, რომელსაც ჩვენ “ვენეციის კომისიად” მოვიხსენიებთ, სრული სახელია: “ევროპული კომისია სამართლის მეშვეობით დემოკრატიის დასაცავად” (European Commission for Democracy through Law). მისი სამდივნო სტრასბურგში მდებარეობს, ხოლო პლენარული სესიები, ანუ ადგილი სადაც კომისიის წევრები დასკვნების დასამტკიცებლად იკრიბებიან ვენეციაში. სწორედ ამიტომ ვუწოდებთ მას ვენეციის კომისიას;
2. ვენეციის კომისია ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ორგანოა. ყოველი შემთხვევისთვის: ევროპის საბჭო არ უნდა აგვერიოს ევროკავშირში. ევროპის საბჭო საერთაშორისო ორგანიზაციაა და ჩვენ მისი წევრები 1999 წლიდან ვართ;
3. ვენეციის კომისია რახან საკონსულტაციო ორგანოა, ეს ნიშნავს, რომ მისი დასკვნები სარეკომენდაციოა. მას სავალდებულო ხასიათი არ აქვს განსხვავებით ევროპის საბჭოს მეორე ორგანოსგან, ადამიანის უფლებათა ევროპული (იგივე სტრასბურგის) სასამართლოსგან, რომლის გადაწყვეტილებები შესასრულებლად სავალდებულოა;
4. ვენეციის კომისია მუშაობს ისეთ კანონებზე, რომლებიც კონსტიტუციურ საკითხებს არეგულირებენ. დემოკრატიულ სტანდარტებთან მათ შესაფასებლად კი იყენებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების სამართლის საუკეთესო პრაქტიკას;
5. ვენეციის კომისია შეიქმნა 1990 წელს იტალიის ინიციატივით. მართალია ის ევროპის საბჭოს ორგანოა, მაგრამ მისი კონსულტაციის დღესდღეობით სრულყოფილად 61 ქვეყანა სარგებლობს (46 ევროსაბჭოს წევრი და 15 სხვა);
6. ვენეციის კომისიის წევრები არიან საკუთარ ქვეყანაში ცნობილი იურისტები. ისინი კომისიაში ინიშნებიან ოთხი წლის ვადით. თითო წევრის დანიშვნის უფლება ყველა ქვეყანას აქვს. საქართველოსაც ჰყავს თავისი დანიშნული წევრი.
როგორია დასკვნის მომზადების პროცედურა:
- კანონს კომისია წარდგინების საფუძველზე განიხილავს. წარდგენის უფლება აქვთ შესაბამისი ქვეყნის პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, საკონსტიტუციო სასამართლოს და სხვა. ამ ჩვენს შემთხვევაში შეფასება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ მოითხოვა;
- წარდგინების შემდეგ ვენეციის კომისია ქმნის საკუთარი წევრისგან შემდგარ ჯგუფს, რომელსაც ევალება დასკვნის პროექტის მომზადება;
- თუმცა, მაგალითად საქართველოსთან მიმართებით, ყოფილა შემთხვევები ვენეციის კომისიას დასკვნა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისთან (ODHIR) და მის ექსპერტებთან თანამშრომლობით მოუმზადებია;
- დასკვნის პროექტი წარედგინება ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომას. პლენარული სხდომები წელიწადში ოთხჯერ (მარტში, ივნისში, ოქტომბერში და დეკემბერში) იმართება და მასში უკვე ყველა წევრი მონაწილეობს. ისინი განიხილავენ პროექტს და ამტკიცებენ მას. დამტკიცების შემდეგ პროექტი ვენეციის კომისიის ოფიციალურ დასკვნად იქცევა.
ახლა მთავარი კითხვა: თუ დასკვნა სარეკომენდაციოა, საერთოდ რატომ ველოდებით ამ დოკუმენტს. რა აზრი აქვს ამას?
მიუხედავად იმისა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა სამართლებრივად სავალდებულო არ არის, მას დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. ამ მნიშვნელობას, სულ ცოტა, ორი რამ განაპირობებს:
ა) შემადგენლობა. ვენეციის კომისიის წევრები, როგორ წესი, არიან სამართლის გამორჩეული სპეციალისტები. მათ გააჩნიათ შესაბამისი კვალიფიკაცია ექსპერტიზა ჩაუტარონ წარდგენილ კანონს;
ბ) ევროკავშირი ვენეციის კომისიის დასკვნებს ხშირად იყენებს კონკრეტული ქვეყნების მიერ გატარებული რეფორმების შესაფასებლად. იმის დასადგენად შეესაბამება თუ არა ამა თუ იმ ქვეყნის კანონმდებლობა ევროკავშირის სტანდარტებს. ასე ეს საქართველოს შემთხვევაშიც და დიდი ალბათობით ასე იქნება ამ კანონზეც.
ასე რომ, სავარაუდოდ, ამ დასკვნაზე იქნება დამოკიდებული ჩვენ ხელისუფლება რა ნაბიჯების გადადგმას მოსთხოვს ევროკავშირი.
აქვე დავამატებ, იმასაც, რომ ვენეციის კომისია ჭეშმარიტების უმაღლესი ინსტანცია არ არის და ზოგჯერ ისიც ცდება. იმედია, ეს ის შემთხვევა არ იქნება.
მადლობა, რომ გაეცანით ამ ვრცელ პოსტს. თუ დამატებითი კითხვები გაგიჩნებათ, კომენტარებში მომწერეთ და გიპასუხებთ." - წერს ვახუშტი მენაბდე "ფეისბუკში". სადაც რამდენიმე კითხვა დაუსვეს კონსტიტუციონალისტს.
კითხვაზე, თუ ვენეციის კომისიამ ამ კანონში შენიშვნების სახით გასცა რეკომენდაციები, მთავრობა დათანხმდა ამ შენიშვნების გათვალისწინებას, მაშინ რა ხდება, უნდა მივაღებინოთ ეს კანონი?
ვახუშტი მენაბდემ ასე უპასუხა: კომისიის დასკვნა ყველა შემთხვევაში საყურადღებოა, მაგრამ საბოლოოდ ჩვენ ვწყვეტთ და არა ვენეციის კომისია რა არის ჩვენი ქვეყნისთვის კარგი.
ცნობისთვის, 84 მომხრე - 30 წინააღმდეგი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. რომელიც საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ხელმოსაწერად გადაეგზავნება. თუმცა, პრეზიდენტმა უკვე განაცხადა, რომ კანონს ვეტოს დაადებს.
პარლამენტი მიღებულ კანონს ვენეციის კომისიაში გადააგზავნის.