ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ირაკლი ღარიბაშვილის ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პრემიერმინისტრის მხრიდან საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატის კიდევ ერთი დემონსტრაცია ვიხილეთ. 

ბოკერიას თქმით, იმის ნაცვლად, რომ ეს ტრიბუნა ღარიბაშვილს  გამოეყენებინა მკვეთრი გზავნილისთვის, რომ საქართველოს იმსახურებს და დასავლეთსაც სჭირდება მისი ნატოსა და ევროკავშირის წევრობა. იმის ნაცვლად, რომ დასავლეთის ქვეყნების მიერ წარსულში დაშვებული ნაწილი შეცდომები გამოეყენებინა დღეს ჩვენი ეროვნული ინტერესების დღის წესრიგის გასამყარებლადიმის ნაცვლად, რომ პირდაპირ ეთქვა, 2008 წელს საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების შეფერხება იყო რუსეთის შემდგომი აგრესიების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი -  ამის მაგივრად მან ერთი-ერთში გაიმეორა ის ცრუ არგუმენტი, რაც მთელი ამ დროის განმავლობაში პუტინის რეჟიმისთვის სასარგებლო იდიოტების ან მათ მიერ პირდაპირ დაქირავებულების სალაპარაკო, მცდარი თეზისი იყო, თითქოს ნატოს გაფართოებამ აღმოსავლეთით, უკრაინისა და საქართველოს სურვილმა, რომ გამხდარიყვნენ ნატოს წევრები, გამოიწვია რუსეთის აგრესია

" ანუ რუსეთი აპრიორი კი არ იყო აგრესიული, კი არ ერჩოდა ჩვენს სახელმწიფოებრიობას და არ ცდილობდა ჩვენს განადგურებას, არამედ ჩვენ გავაღიზიანეთ, რადგან გვინდოდა ნატოსა და ევროკავშირის წევრი გავმხდარიყავით - ეს არის ყველაზე დიდი სიცრუე

 ჩვენივე ისტორია და ყველა სხვა რუსეთის მეზობელი ქვეყნის ისტორია არის დასტური, პირველი აგრესიის დროს ცხინვალსა და აფხაზეთში საერთოდ არ იდგა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი, მაშინ რამ გამოიწვია რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ? მოლდოვაში, რომელმაც ნეიტრალიტეტი ჩაწერა კონსტიტუციაში, რატომ განხორციელდა აგრესია დრესნისპირეთში და რატომაა ჯერ კიდევ ოკუპაციის პრობლემა ამ რეგიონში? ასევე უკრაინის მთავრობამაც გამოაცხადა ნეიტრალიტეტი, თუმცა პუტინის რეჟიმმა ზეწოლა მოახდინა იანუკოვიჩზე და ევროპასთან უვიზო მიმოსვლასა და ვაჭრობაზე ათქმევინა უარი".- ამბობს ბოკერია

 ბოკერიას თქმით, პრემიერის ამ ქცევას ადეკვატური შეფასება უნდა მიეცეს და ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატი

 "ეს ფაქტებიც კი საკმარისია იმის დემონსტრირებისთვის, თუ რამხელა სიცრუეა ეს და რატომ შეიძლება, თუ მოღალატე არ ხარ, რომ შენი მტრის ცრუ არგუმენტებს იმეორებდე ასეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ტრიბუნაზე გამოსვლისას. რატომ შეიძლება, რომ დასავლეთის მიერ წარსულში დაშვებულ მძიმე შეცდომებს იყენებდე არა იმისთვის, რომ იგივე შეცდომა აღარ დაუშვან და სწრაფად მიგვიღონ ნატოსა და ევროკავშირში, არამედ ამის ნაცვლად იძახდე, რომ მაშინ თქვენ ცუდად მოიქეცით და დღეს ნუ გვთხოვთ, რომ მკაფიო პოზიცია გვქონდეს რუსეთის წინააღმდეგო. რატომ უნდა ამბობდე იმაზე, რაც რუსეთის აგრესიის გამო ხდება, რომ ვერცერთი მხრიდან, ვერც რუსეთის და ვერც დასავლეთის მხრიდან ვერ ვხედავთ ნაბიჯებს მშვიდობისთვისო, ანუ ბოროტება და სიკეთე ერთ ქვაბში მოხარშა. ეს არის სწორედ ღალატის მაგალითი, ეს არ არის უბრალო სიტყვა და როცა ასე იქცევა შენი ქვეყნის პრემიერმინისტრი, ამას უნდა მიეცეს ადეკვატური შეფასება".- ამბობს გიგა ბოკერია.