"მოგვწონს თუ არ მოგვწონს ტრამპი, შეიქმნა სიტუაცია, როცა მის „გარიგების ხელოვნებაზე“ (art of the deal) ვართ ყველანი დამოკიდებული. თეორიულად კარგი იქნებოდა სხვა მომლაპარაკებელი, თან ძლიერი და თან პრინციპული (იქნებოდა ასეთი კამალა ჰარისი? მეეჭვება). მთელი იმედი იმაზეა, რომ ტრამპს ენდომება, მაგარი ბიჭი გამოჩნდეს და ხალხს არ ათქმევინოს, რომ პუტინმა აჯობა. ისტორია ხშირად ასეთ ფაქტორებზეა დამოკიდებული."- ამის შესახებ ანალიტიკოსი გია ნოდია სოციალურ ქსელში წერს.
"რა ხდება უკრაინის თავს? ტრამპის და პუტინის სატელეფონო საუბარმა საყოველთაო შფოთვა გამოიწვია, რომ უკრაინა „გაწირეს“. მეც ვთვლი, რომ რაც ხდება, კარგი არ არის. მაგრამ უნდა შევაფასოთ, სახელდობრ რამდენად ცუდია ეს, რა კონკრეტული საფრთხეებია და, რაც მთავარია, რა იქნებოდა უკეთესი რეალისტური ალტერნატივა.
ზოგადად, ტრამპი სანდო კაცი არაა. მას მყარი მორალური ორიენტირები არ გააჩნია. ის წმინდა ტრანზაქციული პოლიტიკოსია, მისთვის საკვანძო სიტყვაა deal, ანუ გარიგება (ბიზნეს გარიგების მსგავსად). ღმერთმა უწყის, პუტინს რაზე დათანხმდება. საფუძვლიანია შიში, რომ პუტინი მისით მანიპულირებას შეძლებს, ეგოს კარგად მოფხანს და ამის ხარჯზე მისაღებზე მეტს დასტყუებს.
მეორეს მხრივ, რაც ამ დღეებში ტრამპმა და მისმა თავდაცვის მინისტრმა, ჰეგსეტმა თქვეს, მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო. ეს გამომდინარეობდა როგორც იქიდან, რა პლატფორმით მოვიდა ტრამპი ხელისუფლებაში, ისე, რაც მთავარია, უკრაინის ფრონტზე შექმნილი ობიექტური ვითარებიდან.
ეს ვითარება არის ჩიხი. ეს ჩიხი მოიტანა მხარდაჭერის იმ დონემ, რაც ბაიდენის ადმინისტრაციამ და ევროპამ უკრაინას გაუწია. ამ დახმარებას ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა: უკრაინა სუვერენულ სახელმწიფოდ რჩება, პუტინმა მისი განადგურება ვერ შეძლო.
მაგრამ დახმარების ეს დონე არ აღმოჩნდა საკმარისი უკრაინის გამარჯვებისთვის. შეიძლება ვიმარჩიელოთ, უფრო ადექვატური მხარდაჭერის შემთხვევაში უკრაინა კონკრეტულად რას მიაღწევდა, მაგთუმცა ამაზე უკეთესი ვითარება კი იქნებოდა. ახლა უკრაინისთვის სახარბიელო სიტუაცია არ არის.
ასევე არაცალსახაა დასავლეთის მიღწევები საერთაშორიო დონეზე. მან უკრაინის მხარდაჭერაში ერთიანობის მაღალ ხარისხს მიაღწია და ეს მნიშვნელოვანია. მაგრამ რუსეთის რეალური „დაქენსელება“, სამწუხაროდ, ვერ მოხდა. რუსეთი მხოლოდ დასავლეთისგანაა იზოლირებული. არადასავლეთის უდიდესი ნაწილი, მათ შორის ჩინეთი და ინდოეთი, რუსეთთან ჩვეულებრივ ურთიერთობას განაგრძობს. ეს ამცირებს სანქციების ეფექტიანობას, თუმცა ისინი, რა თქმა უნდა რუსეთისთვის მტკივნეულია(რამდენად მტკივნეული, ამაზე სხვადასხვა აზრი არსებობს).
არსებული ჩიხი მდგომარეობს იმაში, რომ ომში არც ერთ მხარეს არა უჩანს გადამწყვეტი გარდატეხის მიღწევის პერსპექტივა; თუმცა, ობიექტურად, სიტუცია უკრაინისთვის უფრო სახიფათოა, ვიდრე რუსეთისთვის.
ამ მომენტისთვის უკრაინის გამარჯვების შანსს, იმ აზრით როგორც ეს თავიდან ესმოდათ (რუსეთის სრული განდევნა უკრაინის ტერიტორიიდან), სამწუხაროდ, აღარავინ განიხილავს, მათ შორის არც უკრაინელები.
ამიტომ უკრაინაც და დასავლეთიც გადასულია მეორე საუკეთესო ვარიანტის განხილვაზე, რაც არის ომის დასრულება (ან შეჩერება მაინც) მოლაპარაკების გზით. ეს გულისხმობს რუსეთის დაყოლიებას, ანუ მასთან გარიგებას. რაც, თვის მხრივ, გულისხმობს სერიოზულ დათმობებს უკრაინის მხრიდან.
ვის შეუძლია მიაღწიოს რუსეთთან ასეთ გარიგებას? ამ ეტაპზე ფაქტობრივი კონსენსუსია (უკრაინელების და ევროპელების ჩათვლით), რომ ეს მხოლოდ ამერიკა შეიძლება იყოს. ამერიკა კი ტრამპია.
პრაქტიკულად ეს ნიშნავს, რომ ტრამპს ბევრს გააკრიტიკებენ (არა აქვს მნიშვნელოვა, რმდენად სამართლიანად), მაგრამ ისევ მისი იმედი ექნებათ. ჩემი აზრით, ევროპელებსაც აწყობთ, რომ გარიგების მიღწევაზე პასუხიმგებლობა ტრამპს აკიდონ, რადგან ეს გარიგება სასიამოვნო არ იქნება.
მოკლედ, მოგვწონს თუ არ მოგვწონს ტრამპი, შეიქმნა სიტუაცია, როცა მის „გარიგების ხელოვნებაზე“ (art of the deal) ვართ ყველანი დამოკიდებული. თეორიულად კარგი იქნებოდა სხვა მომლაპარაკებელი, თან ძლიერი და თან პრინციპული (იქნებოდა ასეთი კამალა ჰარისი? მეეჭვება). მთელი იმედი იმაზეა, რომ ტრამპს ენდომება, მაგარი ბიჭი გამოჩნდეს და ხალხს არ ათქმევინოს, რომ პუტინმა აჯობა. ისტორია ხშირად ასეთ ფაქტორებზეა დამოკიდებული."- წერს გია ნოდია.