"ის ევროპა, რომელიც რუსეთის ალტერნატივაა, არაა გარე ძალა - ევროკავშირი, ბრიუსელი, ჯოზეფ ბორელი, შარლ მიშელი და ა.შ. (თუმცა ესეცაა). პირველ რიგში, ევროპა არის საქართველოს ეროვნული პროექტი. "- ამის შესახებ ანალიტიკოსი საერთაშორისო საკითხებში გია ნოდია სოციალურ ქსელში წერს:

"შევეჩვიეთ სლოგანს, რომ ამ არჩევნებში ვირჩევთ ევროპასა და რუსეთს შორის. 

ეს არასწორი არ არის, მაგრამ, ჩემი აზრით, არც საკმარისად ზუსტია. 

უფრო სწორი იქნება, ითქვას, რომ ვირჩევთ საქართველოსა და რუსეთს შორის. 

ის ევროპა, რომელიც რუსეთის ალტერნატივაა, არაა გარე ძალა - ევროკავშირი, ბრიუსელი, ჯოზეფ ბორელი, შარლ მიშელი და ა.შ. (თუმცა ესეცაა). პირველ რიგში, ევროპა არის საქართველოს ეროვნული პროექტი. 

ის გამოვეთილი სახით მოდის, სულ მცირე, თერგდალეულებიდან, თუმცა უფრო ადრეული ძირები აქვს. თანამედროვე საქართველო ამ პროექტის გარშემო შეიქმნა. 

ამიტომ ევროპისთვის ბრძოლა და საქართველოსთვის ბრძოლა ერთი და იგივეა. 

შემთხვევითი არ არის, რომ ივანიშვილის ხელისუფლებაც ბოლომდე ღიად ვერ ამბობს უარს საქართველოს როგორც ევროპის იდეაზე, თუმცა საქმით, ცხადია, მას ებრძვის.  

ის, რითვისაც ის იბრძვის, არის საქართველო როგორც რუსეთი. ამ პროექტსაც, ცხადია, აქვს საფუძველი ქართულ საზოგადოებაში და ბოლო ორი საუკუნის ისტორიაში. მაგრამ ის საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე უარის თქმას ნიშნავს, თუმცა ქართული ეთნოგრაფიის შენარჩუნებით. 

ესაა განსხვავება."- წერს გია ნოდია.