„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივნის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, პარტია უახლოეს ხანში წარადგენს ინიციატივას, რომ ქართველ ემიგრანტებს მიეცეთ ქვეყნის ბედის განსაზღვრაში მონაწილეობის მიღების საშუალება.
„რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ ბარიერის დაწევას, რადგან არ შეიძლება ხმები დაიკარგოს. ხმების დაკარგვა და შედარებით პატარა პარტიების თამაშგარე მდგომარეობაში დატოვება, სწორედ ამ რუსულ რეჟიმს აწყობს. სწორედ პოლარიზაცია აწყობს რუსულ რეჟიმს, მას არ უნდა, რომ სხვა მოქმედი, შედარებით პატარა პარტიებიც იყვნენ წარმოდგენილი საქართველოს პოლიტიკურ არენაზე, მათ სურთ, ვინც 5 პროცენტიან ბარიერს მიაღწევს, ყველა ხმა დიდწილად თვითონ წაიღონ. კი, „ნაციონალურ მოძრაობასაც“ ერგება, მაგრამ ამის გათვლა აქვთ მათ.
ჩვენ გვინდა, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი სრულად იყოს წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში. რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ ორ პროცენტამდე ბარიერის დაწევას და უფრო მეტიც, ჩვენ ასევე უახლოეს ხანში წარვადგენთ ინიციატივას, რაც „დემოკრატიის განვითარების ცენტრმა“ გააჟღერა, რომ ჩვენს მილიონზე მეტ თანამემამულეს ემიგრანტებს, რომლებიც გადაიხვეწნენ საქართველოდან პოლიტიკური დევნის, ეკონომიკური სიდუხჭირის, იმის გამო, რომ მათ ამ ქვეყანაში არ მიეცათ საშუალება თავისი შრომით არჩინონ თავისი ოჯახები, ამ ადამიანებს მიეცეთ ჩვენი ქვეყნის ბედის განსაზღვრაში მონაწილეობის მიღების საშუალება, მათი კონსტიტუციური უფლების რეალიზაციის საშუალება, რომ მათ შეძლონ, მიიღონ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა.
ამისათვის ყველაზე კარგი გზა იქნებოდა ის, რაც ესტონეთშია დანერგილი და კიდევ ექვს ქვეყანაში ელექტრონული წესით ხმის მიცემის პროცედურა, არა დათვლის პროცედურა, რასაც „ქოცები“ აპიარებენ. კომპიუტერით ან სმარტფონით, ვინც დარეგისტრირდება თავისი პირადი ნომრით და სახის ამომცნობი ტექნოლოგიით, ეს ახლა ყველგან არის დანერგილი, ვინც საარჩევნო სიის რეგისტრაციის დროს საზღვარგარეთ იმყოფება, რომ ისინი დარეგისტრირდნენ და მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში, ამით მილიონზე მეტ ადამიანს ექნება საშუალება მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და მეორე, გაიხსნას რაც შეიძლება მეტი საარჩევნო უბანი, სადაც თუნდაც 100-200 ჩვენი თანამოქალაქეა, სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს საარჩევნო უბნის გახსნა, რომ ამ ადამიანებს ჰქონდეთ თავისი კონსტიტუციური უფლების რეალიზაციის, ჩვენი სამშობლოს ბედის განსაზღვრაში მონაწილეობის მიღების საშუალება, ამიტომ, მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოში ძალიან ბევრი უბანი უნდა გაიხსნას“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.