„ნამდვილად ვერ გეტყვით, რა სტატუსით შეხვდა ნიკა მელია სალომე ზურაბიშვილს. მას უნდა ჰკითხოთ, რა სტატუსით მიიწვია. მას აქვს უფლება, როგორც დე ფაქტო პრეზიდენტს, ვისაც უნდა, იმას შეხვდეს. ასე რომ, ამასთან დაკავშირებით ვერაფერ ინტერპრეტაციას ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" ერთერთმა ლიდერმა გია ბარამიძემ ჟურნალისტებთან.
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ მიერ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას, გია ბარამიძის თქმით, ამაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ.
„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ „ქოცების“ ამ ბინძურ თამაშში მონაწილეობას არ ვაპირებთ. შევახსენებთ საზოგადოებას, რომ სალომე ზურაბიშვილი არჩევნების უხეში გაყალბებით თვითონ ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ბანდამ დასვა ამ თანამდებობაზე და დღეს დე ფაქტო პრეზიდენტია. ახლა ამ რეჟიმმა იმდენად მოიჭრა თავი პრორუსულობით, რომ მათ მიერვე დანიშნული დე ფაქტო პრეზიდენტი ეწინააღმდეგება მათ. აღარ მოსწონთ პრეზიდენტის სიტყვები, ქმედებები, როცა ევროპაში დადის და ევროპელ ლიდერებს ეუბნება, მხარი დაუჭირონ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. ეს სულაც არ არის ჩემთვის გასაკვირი, რადგან ისინი პუტინის დავალებას ასრულებენ. მაშინ მოსწონდათ, როდესაც საქართველოს ომის დაწყებაში ადანაშაულებდა, ახლა ევროპაში რომ დადის საქართველოს ევროპული მომავლის ადვოკატირებისთვის, აღარ მოსწონთ.
ჩვენ ღიად მოვუწოდებთ სალომე ზურაბიშვილს, ვიდრე უცხოეთში ივლის და თავის კოლეგებს მოუწოდებს, საქართველოს ევროინტეგრაციას დაუჭირონ მხარი, პირველ ყოვლისა, სჯობს, ის გააკეთოს, რაც მას კონსტიტუციით არათუ შეუძლია, არამედ ევალება. მას ევალება, საქართველო დააახლოოს ევროპულ სტანდარტებს. ერთ-ერთი პუნქტი წერია დეპოლარიზაცია და სამართლიანი სასამართლო, ორივე პუნქტის მიმართულებით შეუძლია გადადგას ნაბიჯი, თუ პუტინის პირად ტყვეობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს გაათავისუფლებს. ეს იქნება მისი წვლილი საქართველოს ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებაში. ამას თუ არ აკეთებს, მისი სიტყვების გულწრფელობა ნამდვილად ეჭვის ქვეშ დგება“, – განაცხადა გია ბარამიძემ.