„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გია ბარამიძის განაცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მენეჯმენტთან დაკავშირებით ნიკა მელიას დღევანდელი განცხადება არასერიოზულია.
გია ბარამიძის თქმით, ყველამ უნდა მოახერხოს, რომ პირადი ამბიციები, წყენები უკანა პლანზე გადაწიოს.
„ნიკა მელიას ეს განცხადება არასერიოზული და რაც მთავარია, არასწორია. „ნაციონალური მოძრაობის“ ახალ ხელმძღვანელობას პარტიიდან არავინ გაურიცხავს, ყველას შეუძლია, თვალყური ადევნოს „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიურობას ყველა მიმართულებით – რეგიონებში ახალი ოფისების გახსნას, „გამარჯვების პლატფორმის“ ჩამოყალიბებას, რომელსაც შემოუერთდა ერთ-ერთი მთავარი პროდასავლური პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“. ასევე თვალყური ადევნოს ამომრჩევლის მიერ ლეგიტიმურად არჩეული თავმჯდომარის სურვილს, რომ რამე შეცდომები თუ იყო დაშვებული, პრობლემები თუ არსებობს გუნდის შიგნით, ეს კოლეგიალურად, მეგობრულად განვიხილოთ, ისე, როგორც თანამებრძოლებს ეკადრებათ, სწორედ იმ სულისკვეთებით, რასაც სააკაშვილი და ჩვენი გუნდის მთავარი ლიდერი გვეუბნება. ერთად დავსხდეთ და ამ საკითხებზე ვიმსჯელოთ, გადავწყვიტოთ, რადგან ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს. ეს ყველამ უნდა გააცნობიეროს, ყველამ უნდა მოვახერხოთ, რომ ჩვენი პირადი ამბიციები, წყენები უკანა პლანზე გადავწიოთ და წინა პლანზე დავაყენოთ საქართველოს ეროვნული ინტერესები. ამისთვის არის საჭირო ერთიანობა.
ძალიან სამწუხაროა, რომ ნიკა მელიამ პრაქტიკულად აბუჩად აიგდო სააკაშვილის სიტყვები. თან ასეთ კონტექსტში. ჩემთვის სადღეგრძელო რომც ყოფილიყო, ქართული ტრადიციების მიხედვით ასეა, მე ასე ვიცი, რომ სადღეგრძელოს დროს კაცები თუ ქალბატონები სიმართლეს ლაპარაკობენ, იმას, რაც გულში, გონებაში აქვთ, თუმცა ეს არ არის სადღეგრძელო. ეს არის პუტინის ტყვეობაში მყოფი, სიკვდილთან მებრძოლი, საქართველოს თანამედროვე სახელმწიფოებრიობის შემქმნელი პრეზიდენტის ტკივილით სავსე ძალიან ბრძნული სიტყვები, მოწოდება თითოეული პატრიოტისადმი, პირველ ყოვლისა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისადმი, რომ ჩვენი პირადი ამბიციები, წყენები გადავწიოთ უკანა პლანზე, ხოლო საქართველო, საქართველოს ინტერესები დავაყენოთ წინა პლანზე. მივაღწიოთ იმ ერთიანობას, რომელიც აუცილებელია რუსული მოღალატეობრივი რეჟიმის ხელისუფლებიდან მშვიდობიანად გასაშვებად“, – განაცხადა გია ბარამიძემ.