საკონსტიტუციო სასამართლომ თუ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია და საკითხი პლენარულ სხდომაზე თუ გავა, ჩვენი გუნდი იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს, – ამის შესახებ პარტია „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, ფრიდონ ინჯიამ განაცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა აღიარა, რომ კონსტიტუცია დაარღვია.

„პრეზიდენტმა თვითონ აღიარა, რომ დაარღვია კონსტიტუცია. ასე რომ, აქ ახალი არაფერია და ვფიქრობ, გადაწყვეტილება იქნება ცალსახა. საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია. ჩვენი გუნდიდან ოთხივე დაუჭერს მხარს, შეგიძლიათ ჩათვალოთ და მიამატოთ. თუ დადგინდება, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია, იმისთვის, რომ საქართველოს დღევანდელმა პრეზიდენტმა საზოგადოებაში რაღაც ადგილი დაიკავოს, ის თვითონ უნდა გადადგეს. საქმე კენჭისყრამდე არ უნდა მივიდეს. მაშინ, შეიძლება, მან საზოგადოებაში გარკვეულწილად თავისი ადგილი დაიკავოს“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

შეგახსენებთ: ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტზე კონსტიტუციური წარდგინების არსებითი განხილვა სამდღიანი სხდომით 2023 წლის 5 ოქტომბერს დასრულდა.

პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის კონსტიტუციურ წარდგინებაზე გადაწყვეტილება მაქსიმუმ 16 ოქტომბერს უნდა გამოცხადდეს